ფეხბურთი

20:06 | 20.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“საბურთალოს” ცივი შხაპი “სპარტაკს” ხვატში

 

“საბურთალომ”, რომელიც ძირითადად 1996-1997 წლებში დაბადებული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თასის 1/16-ფინალის პირველ მატჩში “სპარტაკს” ისეთი სიურპრიზი შესთავაზა, რომელსაც ცხინვალელები ნაკლებად წარმოიდგენდნენ.

მაღალი ტემპერატურის გამო, მატჩი 17 საათის მაგივრად, 17:20 საათზე დაიწყო. ანგარიში მე-8 წუთზე ნიკა კაჭარავამ გახსნა, რომელიც მარჯვენა მცველ ნოდარ იაშვილს გასცდა და პარტნიორი არც გაგი მარგველაშვილმა დააზღვია, ხოლო მასპინძელთა ფორვარდმა კარიდან გამოსულ მეკარეს ბურთი თავს ზემოთ გადაუგდო.

მე-12 წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოში მარცხნიდან გივი იოსელიანი შევიდა, ცენტრისკენ შეიწია და დაარტყა – ბურთი ძელს მოხვდა. მე-14 წუთზე, გიორგი ცერცვაძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და კაჭარავამ კარის ახლოდან თავით მიზანს ააცილა. ამ ეპიზოდიდან ერთ წუთში, სენეგალელმა მუჰამედ დიოპმა მასპინძელთა საჯარიმოს ფარგლებს გარედან დაარტყა და ბურთი მიზანს მცირე მანძილით ასცდა.

საწყისი მღელვარების შემდეგ, “საბურთალომ” სიტუაცია გამოასწორა და სტუმართა ახალგაზრდა ფეხბურთელებმა შეუტიეს კიდეც. მე-18 წუთზე, გიორგი ხარაიშვილი მერაბ გიგაურს გასცდა და მეტოქესთან პირისპირ დარჩენილმა შორეულ კუთხეში დაარტყა, მაგრამ დავით მაისაშვილმა ბურთი მოიგერია. მალევე, გიორგი ხორხელმა ერთ მეტოქეს გვერდი აუარა და “სპარტაკის” საჯარიმოს მისადგომებიდან დაარტყა – გიორგი ნადირაძემ ბურთი ნახტომში მოიგერია. ცოტა ხანში, საშუალო მანძილიდან ხარაიშვილმა დაარტყა და ნადირაძემ იყოჩაღა. 31-ე წუთზე, გურამ გოშთელიანმა ბურთი ხარაიშვილს დაუგორა, რომელმაც ცხინვალელთა საჯარიმოს ხაზიდან შორ კუთხეში სუსტად დაარტყა და ისევ ნადირაძემ ივარგა.

მეორე ტაიმში “საბურთალომ” მასპინძლებზე უკეთესად ითამაშა და დამსახურებულად გაიმარჯვა. 49-ე წუთზე, მარცხნიდან დიოპმა პასი “სპარტაკის” საჯარიმოში გააკეთა, სადაც მყოფმა ირაკლი ბიძინაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ერთი შეხებით მიზანს ააცილა. 54-ე წუთზე, მასპინძელთა საჯარიმოში ბურთი ხორხელმა მიიღო და კარგი მდგომარებიდან ვერ გაიტანა. საპასუხო შეტევაში მარცხნიდან გიორგი ივანიშვილმა ჩააწოდა და “საბურთალოს” კარის შორეულ ძელთან მყოფმა უჩა ბურძენაძემ ძალიან უხეიროდ დაარტყა. ცოტა ხანში, სტუმართა კონტრშეტევის დროს, ხორხელმა ბურთი “სპარტაკის” საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ერთ მცველს გაექცა და სახიფათოდ, მაგრამ უზუსტოდ “გაისროლა”.

72-ე წუთზე, მარცხნიდან ხარაიშვილმა ჩამოაწოდა, ბურთი მოწინააღმდეგის მცველის ფეხიდან ხორხელს მიუვიდა, რომელმაც თავურით ანგარიში გაათანაბრა. გატანილი გოლიდან მალევე, საჯარიმოს გარედან ცხინვალელთა კარს ხარაიშვილი დაემუქრა, მაგრამ უზუსტოდ.  

დიოპი მარცხნიდან კარგად შეიჭრა “სპარტაკის” საჯარიმოში, ერთ მცველს გაექცა და გურამ გოშთელიანი მოძებნა, რომლის დარტყმის მერე, ჭაფოძემ ცარიელი კარიდან ბურთი ხელით გამოიტანა. მსაჯმა პენალტი დანიშნა და ცხინვალელი ფეხბურთელი გააძევა. თერთმეტმეტრიანი ზუსტად ზურაბ მენთეშაშვილმა შეასრულა.

 

სპარტაკი (ცხინვალი) – საბურთალო (თბილისი) 1:2 (1:0)

20 აგვისტო. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.

სპარტაკი: ნადირაძე, ჭაფოძე (კ), კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, იოსელიანი, გიგაური (ჭეჭეკაშვილი, 60), ბურძენაძე, ცერცვაძე (ლექვთაძე, 73), მახარობლიძე (ივანიშვილი, 26) , თექთურმანიძე, ნიკა კაჭარავა

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა.

საბურთალო: კუპატაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, დიოპი, გოშთელიანი, ხორხელი (ბარამიძე, 73), ხარაიშვილი (კ), ჩაბრაძე, ბიძინაშვილი (რეხვიაშვილი,61), ბლიაძე (მენთეშაშვილი, 61).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი.

გოლი: 1:0 კაჭარავა (8), 1:1 ხორხელი (72), 1:2 მენთეშაშვილი (83, პენ.)

გაფრთხილება: იაშვილი (64), გოშთელიანი (90+2)

გაძევება: ჭაფოძე (83)

მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა.

 

“სამტრედია” ( სამტრედია) – “ბეთლემი” (ქედა) 3:0

 “მეტალურგი” (რუსთავი) – “სასკო” (თბილისი) 1:1

 “გაგრა”  - “ვიტ-ჯორჯია” (თბილისი) 2:4

  “სქური” (წალენჯიხა) – “კოლხეთი” (ფოთი) 0:1

 “საპოვნელა” (თერჯოლა) – “გურია” (ლანჩხუთი) 2:1

 “ზუგდიდი” (ზუგდიდი) – “მაჭახელა” (ხელვაჩაური) 2:0

 “მერცხალი” ოზურგეთი – “მერანი” მარტვილი 1:4

 “ჩხერიმელა” (ხარაგაული) – “ტორპედო” (ქუთაისი) 0:1

საქართველოს თასზე საპასუხო შეხვედრები 16 სექტემბერს შედგება.

0.148412