დასრულდა მატჩი "საბურთალოსა" და უკრაინული "ალექსანდრიას" მონაწილეობით - შეხვედრა, რომელიც დაძაბული და საინტერესო გამოდგა, თბილისელთა დამსახურებული გამარჯვებით, 3:2 მორჩა. უკრაინელებთან წარმატება პირველი აღმოჩნდა თურქულ შეკრებაზე: შეგახსენებთ, რომ საბურთალოელებმა ორი მატჩი ფრედ დაასრულეს, ერთხელ კი დამარცხდნენ.
მთლიანობაში მატჩი ლამაზი საყურებელი იყო - პირველი ნახევარი უკრაინელთა კარნახით წარიმართა, თუმცა 45 წუთი გატანილი გოლების გარეშე მორჩა. გოლების წვიმა კი მეორეში წამოვიდა. მცირერიცხოვანმა გულშემატკივარმა დარჩენილ დროში ხუთი გოლი იხილა. პირველი გოლი საბურთალოელებმა ლამაზი, კომბინაციური შეტევის შემდეგ შეაგდეს - თავი ბიძინაშვილმა გამოიჩინა. მალევე მეტოქემ შეხვედრაში წონასწორობა აღადგინა, თუმცა ერთ-ერთ ეპიზოდში დაახლოებით 30 მეტრიდან, ხარაიშვილის უძლიერესი დარტყმის შემდეგ, ბურთი ჯერ ზედა ძელს მოხვდა და ისე აღმოჩნდა "ალექსანდრიას" კარში - 2:1. ქართველები მოპოვებულ უპირატესობას არ დასჯერდნენ და იერიშები განაგრძეს: მესამე გოლი უკვე გურამ გოშთელიანმა შეაგდო, საგოლე გადაცემა კი მარცხენა ფრთიდან გაკეთდა. ამის მერე იყო, რომ ჩაბრაძეს ორჯერ მართებდა მეტოქის კარის აღება, მაგრამ დამამთავრებელ ფაზაში ვერ ივარგა. ბოლო გოლი უკრაინელებმა გაიტანეს, ერთ წუთში კი მსაჯის სასტვენიც გაისმა და საბოლოო ანგარიში, 3:2 დაფიქსირდა.
"საბურთალომ" შემდეგი შემადგენლობით ითამაშა: გოშაძე, ბარამიძე, მარგველაშვილი, ჩომახიძე, თევზაძე, მამუჩაშვილი, ხარაიშვილი, ლორენცო, წოწონავა, ხორხელი, გოცირიძე.