საქართველოს ფუტსალის საუნივერსიტეტო ნაკრებმა მალაგაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის პირველ ეტაპზე გერმანიას დიდი ბრძოლა გაუმართა, მაგრამ წარმატებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიასთან 3:5 მარცხისა და ტაილანდთან 3:3 დასრულებული მატჩების შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველად მოთამაშე ქართველებმა ჩინეთი 5:0 გაანადგურეს და თასის მეოთხედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნეს, მაგრამ ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრაში პორტუგალია ტაილანდს დაუზავდა და მასთან პირველ-მეორე ადგილი გაიყო, ხოლო საქართველო მესამე დარჩა.
IX ადგილის მეოთხედფინალში საქართველოს ნაკრები გერმანიას შეხვდა და პირველ 20 წუთში გუნდების დაცვამ თავდასხმაზე უკეთ ითამაშა. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როდესაც გერმანელებმა ანგარიში გახსნეს, მაგრამ ქართველებმა მალევე შეძლეს წონასწორობის აღდგენა. მეტოქე ერთხელაც რომ დაწინაურდა და საფინალო სასტვენამდე დრო აღარ რჩებოდა, საქართველოს ნაკრებმა მეკარის ნაცვლად კიდევ ერთი მოედნის ფეხბურთელი ჩართო საქმეში, მაგრამ ამით მეტოქემ ისარგებლა და 3:1 იმარჯვა.
მსოფლიოს ჩემპიონატს საქართველოს ფუტსალის საუნივერსიტეტო ნაკრები ჩინეთთან მატჩით დაასრულებს, რომელსაც ჯგუფურ ეტაპზე 5:0 აჯობა.







