ფეხბურთი

19:33 | 29.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

საბრძოლო ფრე

მატჩის სცენარის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, დაფიქსირებული შედეგი ლოგიკურია. პირველი ტაიმის მიხედვით გამარჯვება “ჩიხურას” ეკუთვნოდა, მეორეში გაცილებით უკეთ “სიონი” გამოიყურებოდა, საბოლოოდ კი, გუნდებმა ქულები გაიყვეს.

ყველაზე დაძაბული ბოლო ათწუთეული აღმოჩნდა, რომელმაც მანამდე მოედანზე განვითარებული მოვლენები სრულად გადაფარა. განვლილ მატჩს არც გოლები დააკლდა და არც დრამატიზმი. ხისტი თამაშიც საკმარისი დოზით იყო.

მე-8 წუთზე, საჯარიმო დარტყმის შესრულებისას, დავით ოდიკაძემ მეტოქის კართან ახლოს მდგომი ლაშა ჭელიძე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან თავით მიზანს ააცილა. ამ ეპიზოდიდან 10 წუთში ჯამბულ ჯიღაურმა “სიონის” მცველის მიერ გაკეთებული გადაცემა ჩაჭრა და მყისვე შეტევა წამოიწყო, რომელიც დარტყმით დაასრულა – ზურაბ ბათიაშვილს ხელებში ბურთის დაჭერა არ გასჭირვებია.

23-ე წუთზე, დავით ოდიკაძემ საჯარიმო სახიფათოდ შეასრულა და რევაზ თევდორაძემ თანაგუნდელები გოლის გაშვებისგან ნახტომში იხსნა.

35-ე წუთზე, მარჯვენა ფლანგიდან ბესიკ დეკანოიძის პასის შემდეგ, “სიონის” საჯარიმოში მყოფმა დიმიტრი ტატანაშვილმა, კარგი პოზიციიდან ბურთი ერთი შეხებით დაარტყა.

39-ე წუთზე, გიორგი გაბედავამ მასპინძელთა საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად “გაისროლა” და ბათიაშვილმა ბურთი მუშტებით მოიგერია.

სხვათა შორის, თითქმის ნახევარი ტაიმი “ჩიხურას” ფეხბურთელები გაჰყვიროდნენ: “ბურთი გამოცვალეთ გახეულიაო”. ბოლოს და ბოლოს მსაჯმა ბურთი მართლაც შეცვალა.

პირველი ტაიმისთვის დამატებული დრო მიმდინარეობდა, რომ ჯიღაურის დარტყმის შემდეგ დავით იმედაშვილს ბურთი ხელში მოხვდა და არბიტრმა გიორგი ვადაჭკორიამ პენალტი დადო, რომელიც გოლად ტატანაშვილმა აქცია.

“სიონმა” მეორე ტაიმი გაცილებით აქტიურად დაიწყო, რამაც თავისი ნაყოფი გამოიღო. 50-ე წუთზე, საჩხერელთა ნახევარზე ბოლნისელთა პრესინგის შემდეგ, ბურთი საბოლოოდ ირაკლი სამხარაძეს დარჩა, რომელმაც “ცაციათი” დაარტყა და ანგარიში გაათანაბრა – 1:1. ამ ეპიზოდში, ბურთი ოდნავ ვაჟა ლომაშვილს შეეხო და კარიდან ერთი ნაბიჯით წინ გამოსული თევდორაძის უკან ჩაეშვა.

53-ე წუთზე, გაბედავა ბათიაშვილთან მარტო დარჩა და მასპინძელთა მეკარეს გვერდი აუარა, მაგრამ რევაზ ქემოკლიძემ აღარ დაარტყმევინა.

55-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან გიორგი კახელიშვილმა კუთხური მოაწოდა და ლადო ახალაის თავური დარტყმის შემდეგ, ბურთი კარს ოდნავ აცდა.

66-ე წუთზე, თორნიკე აფციაურმა ბურთი გიორგი რეხვიაშვილს “მოპარა” და მის მიერ დაწყებული იერიში კარში დარტყმით დაჩი ფოფხაძემ დაასრულა – თევდორაძემ ბურთი მოიგერია.

75-ე წუთზე, რეხვიაშვილს ძალიან სახიფათო საჯარიმო დარტყმის მერე, “სიონი” გოლის გაშვებისგან ბათიაშვილმა ნახტომში გადაარჩინა.

მე-80 წუთზე, მარჯვნიდან ვალერი აბრამიძის დიაგონალური გადაცემის შემდეგ, სტუმართა საჯარიმოში მდგომმა აკაკი მიკუჩაძემ თავით ბურთი თირნიკე აფციაურს დაუგდო, რომელიც ლომაშვილმა წააქცია და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა. პენალტი ზუსტად მიკუჩაძემ დაარტყა – 2:1.

ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე, აბრამიძის მიერ სუსტად მოგერიებული ბურთი “სიონის” საჯარიმოში მყოფ ნიკო კვასხვაძეს მიუვიდა, რომლის დარტყმის შემდეგ, მასპინძლები გოლის გაშვებისგან ქემოკლიძემ გადაარჩინა. თუმცა, საჩხერელებმა კუთხურის ჩამოწოდების უფლება მიიღეს და “სტანდარტულის” დროს “სიონის” მცველებმა ძალიან უხეიროდ ითამაშეს, ამან კი, ლაშა ჭელიძეს საშუალება მისცა სტუმრების ქულა გადაერჩინა – 2:2.

სხვათა შორის, თამაშის დაწყებამდე წვიმა წამოვიდა და პრესლოჟაში, რომელსაც ქართველმა ჟურნალისტებმა დიდი ხანია “ქანდარა” შეარქვეს, ისეთი ნიაღვარი მოდიოდა, ადამიანი მშრალ ადგილს ძნელად იპოვიდა. სჩანს, ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს ეს ნაკლებად ადარდებთ, რადგან თვითონ მოპირდაპირე მხარეს ვიპლოჟაში სხედან ხოლმე...

 

სიონი (ბოლნისი) – ჩიხურა (საჩხერე) 2:2 (0:1)

29 სექტემბერი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი.

სიონი: ბათიაშვილი, ტვილდიანი, გოგობერიშვილი, აბრამიძე, ქემოკლიძე (კ), ფოფხაძე, განუგრავა (აფციაური, 46), სამხარაძე (თოთაძე, 84), იმედაშვილი, კახელიშვილი, ახალაია (მიკუჩაძე, 60).

მთავარი მწვრთნელი: გიორგი კიკნაძე

ჩიხურა: თევდორაძე, ლაშა ჭელიძე, ჯიღაური (ჩიკვაიძე, 63), რეხვიაშვილი, გაბედავა, ტატანაშვილი (ნიკო კვასვაძე, 69), ლომაშვილი, დათუნაიშვილი (წინამძღვრიშვილი, 83), კაშია, ოდიკაძე, დეკანოიძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

გოლები: 0:1 ტატანაშვილი (45+1), 1:1 სამხარაძე (50), 2:1 მიკუჩაძე (81), 2:2 ჭელიძე(90+3)

გაფრთხილება: დათუნაიშვილი (32), იმედაშვილი (39), გაბედავა (42), ჯიღაური (63),

მიკუჩაძე (90+1)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

 

„დილა“ (გორი) – „სპარტაკი“ (ცხინვალი) 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 გორელიშვილი (45), 2:0 მოდებაძე (58პ.), 3:0 მოდებაძე (63), 3:1 ნანუაშვილი (87)

„მეტალურგი“ (რუსთავი) – „ზუგდიდი“ 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ფიფია (75)

“დინამო” (თბილისი) – “მერანი” (მარტვილი) 4:2 (1:1)

გოლები: 0:1 ციკოლია (3), 1:1 კვირველია (18), 2:1 კვირკველია (51), 3:1 ძარია (53), 4:1 შულაია (62), 4:2 ვუო (82)

“ზესტაფონი” – “გურია” (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 ქობალია (87)

 

1. დინამო
7 4 2 1 12:5 14
2. ჩიხურა
7 4 1 2 15:10 13
3. მერანი
7 4 1 2 10:8 13
4. ტორპედო
6 3 3 0 6:3 12
5. დილა
7 3 2 2 10:8 11
6. მეტალურგი
7 3 2 2 7:9 11
7. გურია
7 3 1 3 6:8 10
8. ვიტ ჯორჯია
6 2 2 2 7:5 8
9. სიონი
7 2 2 3 9:9 8
10. ზესტაფონი
7 1 2 4 5:7 5
11. ზუგდიდი
7 1 2 4 3:10 5
12. სპარტაკი
7 1 0 6 3:11 3

 

შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;

-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა.

0.318059