მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ალეხანდრო საბელიამ Radio La Red-ის ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ მან უკვე პრაქტიკულად განსაზღვრა ბრაზილიის მუნდიალზე “ალბისელესტეს” საასპარეზო შემადგენლობა.
“ჩამოწერილი მაქვს იმ მოთამაშეთა სია, რომლებსაც ბრაზილიაში მუნდიალის მსვლელობისას ვიახლებ. ამასთან, ნებისმიერ პოზიციაზე ალტერნატიული ფეხბურთელი გვყავს. ეს იმ შემთხვევაში, თუკი, რომელიმე ტრავმას მიიღებს”, - აცხადებს საბელია.
არგენტინელთა თავკაცს კონკრეტულ პოზიციაზე, მეკარის თაობაზე ჰკითხეს. ჟურნალისტის აზრით, სერხიო რომეროს ნდობა რისკის ელემენტს შეიცავს, რადგანაც ამ გოლკიპერმა მიმდინარე სეზონის მსვლელობისას ერთადერთი მატჩი ჩაატარა “მონაკოს” რიგებში და სათამაშო პრაქტიკას მოკლებულია.
“სერხიომ კარგად ითამაშა რუმინელთა წინააღმდეგ. საერთოდაც, რომერო მშვენიერი კიპერია და მიკვირს, რატომ არ ენდობიან მონაკოში. ბუქარესტში მისმა ასპარეზობამ დამაიმედა. სერხიო არგენტინის ნაკრების ძირითადი მეკარე იქნება ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატზე”, - დასძინა ბიკამპეონთა დამრიგებელმა.