წინა წელს გამოტოვებული მატჩის ჩატარებიდან ოთხ დღეში საფეხბურთო კლუბმა “ზესტაფონმა” “ზუგდიდს” უმასპინძლა. ამ ეტაპისათვის განსხვავებული მიზნებისათვის მებრძოლი გუნდების დუელს გარკვეული ინტრიგა და დიდი ინტერესი ახლდა. ზუგდიდელებს სათავეში ჩაუდგა გიორგი დარასელია, რომლის გაწვრთნილ კლუბებს ჯანსაღი ამბიცია არასოდეს აკლია. მართალია, სასურველი გუნდის შეკვრისათვის სასურველი დრო არ გასულა, მაგრამ ზუგდიდელთა მიერ მოსამზადებელი ეტაპისათვის გამართული მატჩების შედეგებმა ცხადჰყო, რომ ისინი ნებისმიერი მეტოქისათვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნებიან. რაც შეეხება იმერლებს, გია გეგუჩაძის მისვლის შემდეგ ფეროელთა გუნდი საგრძნობლად გაძლიერდა, თუმცა ჩემპიონატის ზედა ექვსეულში მოსახვედრად ქულები ქვეყნის ორგზის ჩემპიონებსაც ჰაერივით ესაჭიროებათ. ბუნებრივია განწყობა არცერთ გუნდს არ აკლდა. აქვე დავძენთ, რომ “ზუგდიდს” შემადგენლობაში არ ჰყავდა გურამ სამუშია, რომელიც “ზესტაფონიდან” არის განათხოვრებული.
შეხვედრა მასპინძელთა დიდი უპირატესობით და “ტყუპი” გოლებით დაიწყო, რამაც დიდწილად იმოქმედა მატჩის შემდგომ განვითარებაზე და რასაკვირველია, შეხვედრის შედეგზეც. მე-7 წუთზე გუგუჩიამ დაჰკარგა ბურთი მოედნის შუაგულში, რომელიც ტატანაშვილმა მიიღო. დიმამ, დროული პაუზა გააკეთა და შესანიშნავი გადაცემა გაუკეთა მარჯვენა ფლანგზე გაჭრილ დოლიძეს, რომელიც ასევე დიდებულად გაისარჯა, მაღალ სისწრაფეზე ბურთის წინ გაგდება შეძლო და ზუსტი გადაცემა გაუკეთა მოწინააღმდეგის საჯარიმოში შეჭრილ ნიკა საბანაძეს. ფეროელთა ფორვარდმა ბოძებული შანსი ხელიდან არ გაუშვა და ზუსტი დარტყმით “ზესტაფონის” მაისურით პირველი გოლი გაიტანა – 1:0. საბანაძე ორ წუთში დუბლის ავტორი შეიქმნა. მას ამჯერადაც ასისტენტობა მარჯვენა ფლანგიდან დოლიძემ გაუკეთა. ნიკას ამ ჯერზე უფრო გაუჭირდა გატანა, ვინაიდან ზუგდიდელთა კიპერი მას ფეხებში ჩაუხტა და ბურთს კარისკენ წასვლის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ბურთი საბანაძეს მეორედ შეეხო და სტუმართა კარის ბადეში უპრობლემოდ შეგორდა – 2:0. უსამართლობა იქნება არ აღინიშნოს ის, რომ ამ გოლზე კომბინაცია კუხიანიძემ წამოიწყო, რომელმაც დოლიძეს იუველურული სიზუსტის გადაცემა გაუკეთა მარჯვენა ფლანგზე.
ამის შემდეგ თამაში მცირე ხნით “გაჩერდა”. ზუგდიდელებს გონს მოსასვლელად საკმაო დრო დაჭირდათ, რათა თამაში დაელაგებინათ. ზესტაფონელებს რაც შეეხება, ისინი ინარჩუნებდნენ უპირატესობას “ბურთზე” და მთლიანად აკონტროლებდნენ პაექრობის მსვლელობას. მე-20 წუთზე ისევ ახმაურდა სტადიონი, როდესაც გეწაძე ურტყამდა ცაციათი ძლიერად, მაგრამ ქვილითაიამ ითამაშა კარგად და საკუთარი კარი ხიფათისაგან იხსნა. რამდენიმე წუთში გურული ურტყამდა შორიდან ასევე სახიფათოდ, მაგრამ ბურთი სტუმართა ხარიხას ზემოდან გადაევლო.
ტაიმის ბოლომდე ზუგდიდელთაგან მეტ-ნაკლებად სახიფათოდ დარტყმა გუგუჩიამ მოახერხა, თუმცა სტუმართა ნახევარმცველის მცდელობას იმერთა სერბი კიპერი იოლად გაუმკლავდა. დროის ამ მონაკვეთის განმავლობაში თავი ვერაფრით დაგვამახსოვრა ზუგდიდელთა ლეგიონერმა, მონტენეგროელმა კრკელიჩმა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საკუთარ ქვეყანაში, ისრაელში და მაკედონიაში ნათამაშებ ფორვარდამდე ბურთი ნახევარმცველებმა ვერ მიიტანეს. პირველი ნახევრის მიწურულს კი ნიკა საბანაძე ჰეთრიკის ავტორი შეიქმნა. ზესტაფონელებმა შეტევის ორგანიზება ისევ მარჯვენა ფლანგიდან მოახერხეს. ამჯერად მეტოქის საჯარიმოსკენ ჩაწოდება ღონღაძემ გააკეთა, რომელზეც ზუგდიდელთა მცველებმა შეცდომა დაუშვეს და ბურთი საბანაძეს მიუვიდა, რომელმაც ამჯერადაც ივარგა და ჰეთრიკი გაიფორმა – 3:0.
მეორე ტაიმი ძალიან უინტერესოდ დაიწყო. საწყისმა ოცმა წუთმა ისე ჩაიარა, რომ მოედანზე ფაქტობრივად საინტერესო არაფერი მომხდარა, თუ არ ჩავთვლით ზესტაფონელთა კარში არჩათვლილ გოლს, რომელზეც არბიტრმა ზუგდიდელთა მხრიდან წესების დარღვევა დააფიქსირა. სტუმრები ნელნელ გააქტიურდნენ. 65-ე წუთზე ლომიამ დაარტყა ძლიერად და პავლოვიჩმა ნახტომში ბურთი კუთხურზე გადააგდო. ზედიზედ ორჯერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ შეიქმნა ხიფათი მასპინძელთა კართან. ორივე შემთხვევაში ფეროელთა საჯარიმოში ტანმორჩილი კირკიტაძე აქტიურობდა, მაგრამ მის მცდელობებს თანაგუნდელებმა მხარი ვერ აუბეს და სახიფათო სიტუაციებიც განიმუხტა.
პირველი ხიფათი მასპინძელთაგან სტანდარტული დარტყმის შემდეგ შეიქმნა. დოლიძის მიერ მახვილი კუთხიდან შესრულებული ჯარიმა ქვილითაიას ხელიდან გაუვარდა. დასწრებაზე საბანაძე ცდილობდა თავის გამოჩენას, მაგრამ ფორვარდმა ფეხის ბურთზე გაკვრა ვეღარ მოახერხა, თორემ პოკერის ავტორი შეიქმნებოდა. 79-ე წუთზე ისევ სტუმრებმა იაქტიურეს. გუგუჩიას მიერ 22 მეტრიდან დარტყმული ბურთი სანტიმეტრებით აცდა პავლოვიჩის დასაცავ ობიექტს, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბალკანელი მეკარე სიტუაციას აკონტროლებდა.
თამაშის ეპილოგში დასამახსოვრებელი მომენტები ორივე გუნდის ფეხბურთელებმა შექმნეს. მასპინძელთაგან მოვლენების ეპიცენტრში ის ფეხბურთელები აღმოჩნდნენ, რომლებიც გია გეგუჩაძემ მეორე ტაიმში შეუშვა. ფანცულაია-კაპანაძის ეფექტურად გათამაშებული ბურთი ფანცულაიამ ცაციათი დარტყმით დაასრულა, თუმცა ბურთი მცირედით აცდა სტუმართა კარს. შეხვედრის ბოლო წუთზე კი ლუკა გუგუჩიამ შეასრულა საჯარიმო დარტყმა ოსტატურად, მაგრამ მის მცდელობას პავლოვიჩი გადაეღობა ბრწყინვალე ნახტომით და სერბს მართლაც ჩინებული “სეივი” გამოუვიდა.
“ზესტაფონი” – “ზუგდიდი” 3:0 (3:0)
26 თებერვალი. 18:00. ზესტაფონი. “დავით აბაშიძე”. 2000 მაყურებელი
“ზესტაფონი”: პავლოვიჩი, თეიმურაზ ღონღაძე, რენე ფერეირა, ზაზა ჭელიძე, კუხიანიძე, გიორგი გურული, შარიქაძე, დოლიძე, გეწაძე (ჭანტურიშვილი, 56), საბანაძე (კაპანაძე, 85), ტატანაშვილი (ფანცულაია, 54).
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“ზუგდიდი”: ქვილითაია, გუგუჩია, მირცხულავა, გუგუჩია, კრკელიჩი, კირკიტაძე, ქვარცხავა (სიხარულია, 40), ქებაძე, შოთა ლომია, აფაქიძე, ნიკოლაძე (ქირია, 22).
მთავარი მწვრთნელი: გიორგი დარასელია
გოლები: 1:0 2:0 3:0 საბანაძე (7, 9, 45+1),
არბიტრი: ალექსანდრე კრიჭაშვილი (თბილისი)