ქუთაისის “ტორპედოს” 22 წლის თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ, რომელსაც ტრავმის გამო ორთვე-ნახევარი გაუცდა, კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის სტარტისთვის მზად იქნება.
ნიკა საბანაძე: “თითქმის ბოლომდე მორჩენილი ვარ. უბრალოდ, ცოტა შიშები ჯერ კიდევ მაქვს და მალე ისიც გამიქრება. ამჟამად ფიზმომზადების მწვრთნელ ალბერტო ბეროკალთან ერთად ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და ალბათ, 1 კვირაში უკვე სრული დატვირთვის მიღებასაც შევძლებ. სავარაუდოდ, თურქეთში გასამართ მეორე ან მესამე საკონტროლო მატჩშიც ვითამაშებ, მინდა, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე ერთ თამაშში მონაწილეობით მაინც აღვიდგინო ფორმა.
გულნატკენი ვარ, რომ წინა სეზონში გუნდს იმ დროს გამოვაკლდი, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებოდი. ასევე, ევროპის ლიგაშიც ვერ დავეხმარე, მაგრამ მოხარული ვარ, რომ უკვე დავბრუნდი და ჩემპიონატის სტარტისთვის ბოლომდე მზად ვიქნები. ვფიქრობ, ძალიან გაგვიჭირდება დამდეგ სეზონში, რადგან ბევრი ახალი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ იმედია, რაც შეიძლება მალე მოვახერხებთ ერთმანეთთან შეთამაშებას. ყველანაირად ვეცდები, რომ იმ ხალხს, ვისაც ჩემი იმედი აქვს, დავუმტკიცო, რომ ტყუილად არ აქვთ ეს იმედი”.
ფოტო fctorpedo.ge