“მანჩესტერ სიტის’’ მცველი პაბლო საბალეტა უკმაყოფილო არაა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრის შედეგით, რომლის მიხედვითაც, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ სტადიაზე ,,ბარსელონას’’ დაუპირისპირდება, თავად საბალეტას კი მისი თანამემამულისა და ნაკრებში მისი თანაგუნდელის ლიონელ მესის წინააღმდეგ მოუწევს თამაში. ამ თემაზე არგენტინელმა მცველმა კლუბის ოფიციალურ საიტისთვის გააკეთა კომენტარი.
,,მესის წინააღმდეგ ადრეც მითამაშია პრიმერადივიზიონის შეხვედრებში, მაშინ ,,ესპანიოლში’’ ვასპარეზობდი, შემდეგ ,,სიტიში’’ გადავედი და ,,გამპერის თასზე’’ კვლავ მომიხდა მესის წინააღმდეგ თამაში, ის შეხვედრა ჩვენ მოვიგეთ მარტინ პეტროვის გოლით. ბედნიერი ვარ, რომ კიდევ მომიწევს კატალონიელებთან დაპირისპირება. ვფიქრობ, ამჯერადაც შესაძლებელია მათი დამარცხება’’
,,ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად ურთულესი შეხვედრების ჩატარება მოგვიწევს, თუმცა სხვაგვარად გამორიცხულია, დიდი გამარჯვებები დიდ ძალისხმევას მოითხოვს.’’
,,პრემიერლიგის მოგება იყო ძალიან სასიხარული ფაქტი, ეს ნიშნავს რომ ინგლისში საუკეთესო ხარ, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებისას ბრძოლა გიწევს ევროპის უძლიერეს კლუბებთან. ვეცდებით ვაჩვენოთ საუკეთესო თამაში, ფეხბურთში წინასწარ არაფერია ცნობილი.’’
,,ესპანეთში ცხოვრებისას მესისთან ახლო ურთიერთობა მქონდა, ჩვენ ვცხოვრობდით ერთ ქალაქში, ვიყავით ერთი ქვეყნიდან და გვაკავშირებდა დიდი ხნის ნაცნობობა, ყველაფერი ვიცოდით ერთმანეთის შესახებ. მოკლედ, ბრწყინვალე ურთიერთობა გვქონდა.’’
,,როდესაც ესპანეთიდან ინგლისში გადავბარგდი, სულ რამდენიმე დღეში კლუბი შეიხ მანსურიმ შეიძინა, ამ დროს მესიმ დამირეკა და მითხრა, რომ კლუბს ბრწყინვალე დროს შევუერთდი და ჩემი კარიერისთვის ეს ძალიან სასარგებლო ნაბიჯი იყო. მან მკითხა ბევრი რამ სიტის შესახებ, მაგრამ მაშინ მე კლუბში ახალი გადმოსული ვიყავი და კლუბის შესახებ ცოტა რამ ვიცოდი.’’
დიმიტრი შარიქაძე