ხმა გავრცელდა, რუსეთის ნაკრების მწვრთნელი ფაბიო კაპელო “რუბინის” ქართველ ცენტრალურ მცველ საბა კვირკველიას აკვირდებაო. ამის შესახებ “რუბინის” მწვრთნელ რინიატ ბილიალეტდინოვმა და რუსეთისა და სსრკ-ის ოლიმპიური ნაკრების ყოფილმა თავკაცმა ანატოლი ბიშოვეცმა კომენტარი გააკეთეს.
თუმცა, სანამ მათ კომენტარს შემოგთავაზებდეთ, შეგახსენებთ, რომ კვირკველიას უკვე ნათამაშევი აქვს 1 მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში – ეს ლიხტენშტაინტან ამხანაგურში. ტანმაღალ ქართველ მცველს საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებში ბევრჯერ უთამაშია და გახლდათ 19-წლამდელებშიც, თუმცა ამ შემთხვევაში მთავარი ეროვნული გუნდია.
რინატ ბილიალეტდინოვი: “თუ ეს სინამდვილეა, სასიამოვნოა, რომ კაპელო ყურადღებას აქცევს ჩვენს ფეხბურთელს. კვირკველიას ნათამაშევი აქვს საქართველოს ნაკრებში, მაგრამ არ მახსოვს, რა დონეზე. თუ მისი რუსეთის ნაკრებში გამოძახება შესაძლებელი იქნება, ორივე ხელით მხარს დავუჭერ”.
ანატოლი ბიშოვეცი: “ვიცი, რომ ასეთი საკითხები მტკივნეულია პოლიტიკური მოვლენების შემდეგ, რომელიც რუსეთსა და საქართველოს შორის რამდენიმე წლის წინ მოხდა. რა თქმა უნდა, კვირკველიას აქვს ღირსებები, შეგვიძლია მის პოტენციალზე საუბარი,მაგრამ ეს პოტენციალი ბოლომდე არაა გახსნილი. მესმის კაპელოს ნერვიულობის მიზეზი ცენტრალური მცველების გამო. ბოლოს ნაკრების დაცვის ცენტრში ცსკა-ს ფეხბურთელები, იგნაშევიჩი და ბერეზუცკი თამაშობენ, მათ კი შემცვლელები სჭირდებათ. ეს აუცილებელი პროცესია. კვირკველია ერგება ამ პოზიციას. კარგად თამაშობს თავით და აქვს აზროვნება, თუ რა უნდა გააკეთოს მინდორზე. შესაძლოა, მას ყოველთვის არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ ამჯერად აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი საუკეთესო თვისებები კიდევ უფრო განავითაროს. კვირკველიას ახლა თუ არა, პერსპექტივაში შეუძლია რუსეთის ნაკრების გაძლიერება”.
ფიფას წესებით, ფეხბურთელს ეროვნულ ნაკრებში ერთი ოფიციალური მატჩი მაინც თუ ჩაუტარებია, სხვა ქვეყნის ნაკრებში ვერ ითამაშებს. კვირკველიას კი მხოლოდ ამხანაგურში აქვს ნათამაშევი და შესარჩევში ერთხელაც არ ყოფილა მინდორზე.
იყო შემთხვევები, როცა ფეხბურთელს ნაკრები გამოუცვლია და ესეც მხოლოდ მაშინ, როცა ამხანაგურში ჰქონდა ნათამაშევი. მაგალითად, ჯერმეინ ჯონსს, “შალკეში” რომ გახლდათ, გერმანიის ეროვნულ ნაკრებში აქვს ჩატარებული 3 ამხანაგური მატჩი, მაგრამ შემდეგ აშშ-ის ნაკრების მაისურა მოირგო და დღემდე ამერიკელთა რიგებში თამაშობს. ეს არცთუ რთული პროცესია, ფეხბურთელმა ფიფას უნდა მიმართოს, სადაც განიხილავენ საკითხს და დართავენ ნებას ნაკრების შეცვლისა.
თუმცა თავად კვირკველიამ აღნიშნა, რომ რუსეთის ნაკრებში გამოსვლას არ აპირებს.