9-14 მაისს, ალმა-ატამ კრივში საგაბატ ნურმაგანბეტოვის სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლა, რომელშიც თხუთმეტამდე ქვეყნის მოკრივეები, მათ შორის ქართველი სპორტსმენებიც გამოვიდნენ და სამი მედალი მოიპოვეს.
75 კგ-ში ჯაბა ხოსიტაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ზაალ კვაჭაძესა (69 კგ) და მიხეილ ბახტიძეს (+91 კგ) კი ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. საინტერესოა, რომ ტურნირის საუკეთესო მწვრთნელად საქართველოს ნაკრების თავკაცი - რამაზ ფალიანი დასახელდა.
ამავე პერიოდში (9-14 მაისი), ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა ჭაბუკ მოკრივეთა შორის, სადაც ქართველმა მოკრივეებმა ასევე თხუთმეტამდე ქვეყნის სპორტსმენებს შორის ხუთი მედალი დაისაკუთრეს.
ჯემალ შალამბერიძემ (60 კგ) და ირაკლი ქათამაძემ (70 კგ) ფინალური ორთაბრძოლები დათმეს და ვერცხლის მედლები მოიპოვეს, დიმიტრი კოპაძემ (63 კგ), ვასილ წიწილაშვილმა (75 კგ) და ლაშა ღვალაძემ (80 კგ) კი, ბრინჯაოს მედლები მიიღეს.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური







