2015 წლის ევროპის ჩემპიონატი კალათბურთში უკრაინაში აღარ ჩატარდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება მომავალი ევრობასკეტის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მარკიან ლუბკივსკიმ გააკეთა, მთავარ მიზეზად კი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიის ანექსია დაასახელა.
“ვერ წარმომიდგენია, არსებულ რთულ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში ევროპის ჩემპიონატს როგორ უნდა ვუმასპინძლოთ. ამგვარი პროექტებისთვის მზადება წლობით მიმდინარეობს და მასში ათასობით ადამიანია ჩართული, რისი საშუალებაც არ არსებობს.
მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული აგრესიაა, რამაც ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში არასტაბილურობა მოიტანა. ამასთან, არც უკრაინაში არსებული მძიმე ეკონომიკური ვითარება უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც უფრო სოციალური პრიორიტეტების ჩამოყალიბებას მოითხოვს”.
ამასთან, ლიუბკივსკიმ დასძინა, რომ კარგი იქნება, თუკი უკრაინის კალათბურთის ფედერაცია ფიბა-ევროპასთან მოლაპარაკებას მოახერხებს და სანაცვლოდ 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლებას მაინც დაიბევებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მრავალმილიონიანი ხარჯი, რომელიც უკრაინაში ახალი არენების ასაგებად იხარჯება, წყალში გადაყრილი აღმოჩნდება.
ჯერჯერობით, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია ფიბა-ს ხელმძღვანელობას. ამგვარად, გაუგებარია ევრობასკეტ-2015 სად გაიმართება, მისი მიღების სურვილი კი უკვე გამოთქვეს საფრანგეთმა, პოლონეთმა, სერბეთმა, ჩეხეთმა, ლატვიამ და ლიტვამ.