ძიუდო

11:16 | 3.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუსული ბრალდება: “გვიკბინეს და წავაგეთ”

რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრების წევრები, გუნდის ხელმძღვანელობა და რუსული სპორტული გამოცემები მსოფლიოს ჩემპიონ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებს ტიტულის უსამართლოდ მოგებაში სდებენ ბრალს. შეგახსენებთ, ქართველებმა ფინალში სწორედ რუსები დაამარცხეს – 3:2.

90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე კირილ დენოსოვმა, რომელსაც ვარლამ ლიპარტელიანმა ინდივიდუალურ ტურნირშიც მოუგო და გუნდურშიც, აცხადებს, რომ გუნდურ პირველობაზე ჭიდაობისას ქართველმა ძიუდოისტმა მას ფეხზე უკბინა.

თემას რუსული სპორტული სააგენტოები ცხადია კიდევ უფრო ავრცობენ და ძიუდოს საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების მსაჯთა კორპუსის ხელმძღვანელებს აკრიტიკებენ, აქაოდა დარღვევა კარგად დაინახეს, მაგრამ თვალი შეგნებულად დახუჭესო.

ბრალდება წაგებით განაწყენებულთა თავის მართლებას უფრო რომ ჰგავს, ჯერ კიდევ ლიპარტელიანი-დენისოვის შეხვედრისასაც გამოჩნდა, როდესაც მსაჯებმა რუსებისგან გაპროტესტებული ეპიზოდის ვიდეოჩანაწერი რამდენჯერმე დაატრიალეს, მაგრამ მასში წესების დარღვევა ვერ დაინახეს.

და კიდევ, ბრალმდებლები რატომღაც საერთოდ არ ახსენებენ, რომ იმ მომენტში, როდესაც კირილ დენისოვის ფეხი ვარლამ ლიპარტელიანის სახესთან აღმოჩნდა, მსაჯს შეხვედრა შეჩერებული ჰქონდა. რუსი ძიუდოისტი კი ამის მიუხედავად, მეტოქისთვის ხელის მტკივნეული ილეთის გაკეთებას ცდილობდა.

ქართველი ძიუდოისტები ბრაზილიიდან ამაღამ დაბრუნდებიან და სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებითაც გააკეთებენ კომენტარს.

0.119508