“ჩიხურა” წლეულსაც ამტკიცებს, რომ შარშანდელი წარმატებული სეზონი შემთხვევითი არ ყოფილა. მართალია გუშინ რუსთავში ვერ მოიგეს, მაგრამ გამოცდილი ფეხბურთელები ჰყავთ და საკმაოდ სოლიდურ თამაშს აჩვენებენ. პირველ ტაიმში “მეტალურგს” აშკარად აჯობეს და ალბათ ნორმალური მინდორი რომ ყოფილიყო რუსთავიდან 3 ქულასაც წაიღებდნენ. ამ მოედანზე თამაში არ შეიძლებაო – თქვა მერე ზემოიმერელთა დამრიგებელმა სოსო ფრუიძემ და მას მასპინძელი კოლეგა გელა სანაიაც დაეთანხმა, თანაც დაამატა: იმედია, მომავალი სეზონიდან მოედნის ახალი საფარი გვექნებაო. მართლაც, კარგი იქნება თუ გამოცვლიან, პირველად არ ხდება, რომ მწვრთნელ-ფეხბურთელები “ფოლადის” ხელოვნურ საფარს უჩივიან. ეს მატჩი კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ რუსთაველმა დენის დობროვოლსკიმ ჩემპიონატის ერთ-ერთი ულამაზესი გოლი გაიტანა – დაახლოებით 45 მეტრიდან “მოჭრილი” ბურთი პირადპირ ცხრიანში ჩასვა.
“ჩიხურამ” ქულები დაკარგა, მაგრამ ამით ლიდრმა “დინამომ” ვერ ისარგებლა, “დილასთან” შინ 1:1 ითამაშა და საჩხერელებს კვლავინდებურად 4 ქულით უსწრებს. ისევ გაიტანა გიორგი გველესიანმა. მის შესახებ წინა მიმოხილვაშიც ვწერდით და ეს 22 წლის ცენტრალური მცველი უკვე სეზონის აღმოჩენა ხდება. ახლაც ეფექტური თავური გაუტანა ნუკრი რევიშვილს და ხობის “კოლხეთთან” სათასო მატჩსაც თუ ჩავთვლით, ბოლო 5 მატჩში 4 გოლი მოუგროვდა. როგორია მცველისთვის?
ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო “გურიამ” და ლიდერებშიც ფესვი გაიდგა. “მერანმა” კი მიჯრით მეშვიდე თამაში წააგო. არ მოუხდათ ჭყონდიდელებს მალხაზ ჟვანიას წასვლა. არადა, სეზონის დასაწყისში ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული გუნდი იყო.
ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა ქუთაისის “ტორპედო.” ამჯერად შინ იმერულ დერბიში “ზესტაფონთან.” მათი მწვრთნელი ჟერარდ სარაგოსა მულეტი თავისი შეგირდების გარჯით კმაყოფილი დარჩა – ბოლომდე იბრძოლესო. მართლაც იბრძოლეს და რამდენიმე საგოლე მომენტიც შექმნეს, მაგრამ დაცვაში ძალიან ცუდად ითამაშეს. ისეთი უხეში შეცდომები დაუშვეს, რომ… ვინ აპატიებდა. “ზესტაფონმა” კი გია გეგუჩაძის ხელმძღვანელობით პირველად გაიმარჯვა.
გორში კი ტურის ყველაზე ხმაურიანი შეხვედრა გაიმართა. თამაშის დამთავრებამდე 7 წუთი რჩებოდა და “სპარტაკი” 1:2 უგებდა “სიონს.” ცხინვალელებს ცოტაც რომ გაეძლოთ, ახალი მწვრთნელის, კახი კაჭარავას ხელში ზედიზედ მესამე მატჩს მოიგებდნენ, მაგრამ ბოლნისელები უფრო იღბლიანრები აღმოჩდნენ, დარჩენილ დროში ორი გოლი გაიტანეს და 3:2 გაიმარჯვეს. თუმცა სტუმრები მიიჩნევენ, რომ არბიტრმა კვარაცხელიამ მასპინძელთა პირველი გოლი უსამართლოდ ჩათვალა. მტყუან-მართალი ალბათ ვიდეოფირის გარჩევის შემდეგ გაირკვევა.
მეტალურგი (რუსთავი) – ჩიხურა (საჩხერე) 1:1 (0:1)
გოლი: 0:1 ბესიკ დეკანოიძე (5), 1:1 დენის დობროვოლსკი (57)
მერანი (მარტვილი) – გურია (ლანჩხუთი) 1:2 (0:1)
გოლი: 0:1, 0:2 ალექსანდრე კოშკაძე (37, 50), 1:2 ლაშა კუჭუხიძე (65)
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ზუგდიდი 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ლევან კუხალეიშვილი (90)
სიონი (ბოლნისი) – სპარტაკი (ცხინვალი) 3:2 (1:1)
გოლები: 1:0 ალექსანდრე გოგობერიშვილი (18), 1:1 გიორგი თექთურმანიძე (28), 1:2 ლაშა ჩაფიძე (68), 2:2 გიორგი კახელიშვილი (83), 3:2 ზვიად ლობჟანიძე (85)
გაძევება: ლაშა ჩაფიძე (83, ორი ყვითელი)
ტორპედო (ქუთაისი) – ზესტაფონი 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ავთო ენდელაძე (55)
დინამო (თბილისი) – დილა (გორი) 1:1 (1:1)
გოლები: 1:0 გიორგი გველესიანი (18), 1:1 ოთარ ხიზანეიშვილი (43)
1. | დინამო | 13 | 9 | 3 | 1 | 30:11 | 30 | |
2. | ჩიხურა | 13 | 8 | 2 | 3 | 28:20 | 26 | |
3. | გურია | 13 | 8 | 0 | 5 | 15:16 | 24 | |
4. | მეტალურგი | 13 | 6 | 4 | 3 | 19:17 | 22 | |
5. | ტორპედო | 13 | 5 | 4 | 4 | 17:12 | 19 | |
6. | დილა | 13 | 5 | 4 | 4 | 17:14 | 19 | |
7. | ზესტაფონი | 13 | 5 | 3 | 5 | 14:10 | 18 | |
8. | სიონი | 13 | 4 | 4 | 5 | 16:17 | 16 | |
9. | ვიტ ჯორჯია | 13 | 4 | 3 | 6 | 17:19 | 15 | |
10. | მერანი | 13 | 4 | 0 | 9 | 13:28 | 12 | |
11. | სპარტაკი | 13 | 3 | 1 | 9 | 11:19 | 10 | |
12. | ზუგდიდი | 13 | 1 | 4 | 8 | 5:19 | 7 |
XIV ტური. 30 ნოემბერი. შაბათი: ჩიხურა – ვიტ ჯორჯია. ზუგდიდი – მერანი, გურია – სიონი, დილა – ტორპედო, ზესტაფონი – მეტალურგი, სპარტაკი - დინამო
მეგოლეები:
9 - ირაკლი მოდებაძე (2 პენ, “დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (2, “ჩიხურა”)
7 – დორინ გოგა (“დინამო”)
5 - თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”), ვილი ისიანი (“გურია”)
4 – ჩისკო, ჯაბა დვალი (“დინამო”), ირაკლი ქობალია, საბა ლომია (“ზესტაფონი”), გიორგი კორიფაძე, ელგუჯა ლობჯანიძე (“ვიტ ჯორჯია”) გრიგოლ დოლიძე (“დილა”), ჯამბულ ჯიღაური (“ჩიხურა”)
3 – გიორგი გველესიანი, გიორგი მერებაშვილი (“დინამო”), ლადო ახალაია, ლაშა თოთაძე, ირაკლი სამხარაძე (“სიონი”), შოთა ბაბუნაშვილი, ლაშა კუჭუხიძე (“მერანი”), ლუკა რაზმაძე, დავით კირკიტაძე (“მეტალურგი”), ნიკა საბანაძე (“ტორპედო”), თენგიზ ჩიკვილაძე, ალექსანდრე კოშკაძე (“გურია”), ბესიკ დეკანოიძე, გიორგი გაბედავა (“ჩიხურა”)
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა