რუსთავის "მეტალურგი" ერთ-ერთი ის კლუბია, რომელსაც იანვრიდან მოყოლებული, ფინანსურად ძალიან გაუჭირდა. არც მანამდე ულხინდათ, მაგრამ ბოლო თვეებში კლუბი დაშლის პირას იყო.
სიახლე: "მეტალურგში" ახალი ხელმძღვანელობა მივიდა და მალე მათი ოფიციალურად წარდგენა შედგება. ეს ის პიროვნებები არიან, რომლებმაც თავის დროზე დააფუძნეს "ოლიმპი". როგორც "მსოფლიო სპორტმა" შეიტყო, კლუბის სათავეში იქნება ნიკოლოზ დოლიძე.
ჩვენ კლუბის ამჟამინდელ დირექტორ ზაზა დოლიძეს დავუკავშირდით, რომელმაც დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა. ის ჯერ რჩება "მეტალურგის" დირექტორად, თუმცა სავარაუდოდ, ახალი ხელმძღვანელობის მიერ კლუბის ოფიციალურად გადაფორმების შემდეგ, პოსტზე აღარ დარჩება.
ორშაბათს უკვე დეტალურად გახდება ცნობილი, თუ რა ცვლილებები იქნება "მეტალურგში". ერთიც: დიდი ალბათობით, გუნდის მთავარი მწვრთნელი გელა გომელაური იქნება. გომელაური გემახსოვრებათ "ვიტ ჯორჯიაში" მუშაობის დროს – მისი თავკაცობით, გუნდმა საქართველოს სუპერთასი და თასი მოიგო, შემდეგ კი ევროტურნირებზე განიცადა მძიმე მარცხი: ჩეხურ "ბანიკთან" შინ 0:6.