საქართველოს 20-წლამდე კალათბურთელთა მოქმედ ჩემპიონ “ენერჯი-ინვესტს” მიმდინარე სეზონში ერთადერთი წაგება “დინამოსთან” ჰქონდა, ამდენად, აგრარულ უნივერსიტეტში გამართულ მეორე მატჩში ძლიერ მოტივირებული გავიდა და რევანშის აღებაც მოახერხეს.
შეხვედრაში საკმაოდ ბევრი ტექნიკური წუნი იყო, რაც თამაშის დაძაბული ხასიათით იყო გამოწვეული. რუსთაველებმა ასპარეზობა მძლავრად დაიწყეს და დებიუტში 10:1 დაწინაურდნენ, მეოთხედის ბოლოს კი “ენერჯი-ინვესტმა” კიდევ უფრო სოლიდური უპირატესობა მოიპოვა – 30:15.
დინამოელებმა მობილიზება მოახერხეს და ჩამორჩენის გაბათილებას მიჰყვეს ხელი. აკაკი დვალიშვილი, რომელიც თავიდან თითქმის შეუჩერებელი იყო, დინამოელებმა გაანეიტრალეს და ეს ანგარიშსაც შეეტყო. ტაიმის ბოლოს რუსთაველები 7 ქულასღა იგებდნენ – 41:34.
დიდი შესვენების შემდეგ, ყველაფერი თბილისელთა სასარგებლოდ შეიცვალა. რუსთაველებმა 6 წუთის განმავლობაში ბურთი ვერ ჩააგდეს, “დინამომ“ კი ლიდერობა მოიპოვა – 42:41. ამ ეპიზოდში თავი ირაკლი ალხანაიძემ, გიორგი გლოველმა და გიორგი ნანიტაშვილმა გამოიჩინეს.
რუსთაველებისთვის ეს განგაშის ზარივით იყო და რამაზ გოგობერიშვილმა წუთშესვენება აიღო. დვალიშვილმა თამაში საკუთარ თავზე აიღო და ფარქვეშიდან რამდენჯერმე იხეირა, ლევან ხმელიძემ და რევაზ ჩაჩანიძემ კი შორიდან იხეირეს და გადამწყვეტი მეოთხედის წინ, “ენერჯი-ინვესტი“ 55:48 გალიდერდა.
ბოლო პერიოდი რუსთაველებმა უკეთ დაიწყეს და ჩაჩანიძის სამქულიანების შემდეგ 70:59 დაწინაურდნენ. ამ დროს საფინალო სირენამდე კი ორნახევარი წუთი რჩებოდა და თითქოს, “დინამო“ განწირული ჩანდა, მაგრამ დავით თორთლაძის გუნდმა შეუპოვრობის ხარჯზე გამარჯვების შანსი გაიჩინა. თბილისელები პრესინგზე გადავიდნენ და რუსთაველებს რამდენჯერმე ბურთი აართვეს, შეტევაში კი ალეკო ოკრიბელაშვილმა იყოჩაღა და ანგარიში 65:70 გახდა.
დინამოელებს ჩამორჩენის კიდევ უფრო შემცირების შანსი ჰქონდათ, თუმცა ცენტრმა ირაკლი ალხანაიძემ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, სამქულიანი სტყორცნა და ააცილა, “ენერჯი-ინვესტის“ უკანახაზელმა ლევან ხმელიძემ კი სწრაფი გარღვევით, სირენამდე ერთი წუთით ადრე, რუსთაველები 72:65 დააწინაურა.
დინამოელები არც აქ გატყდნენ და ნანიტაშვილის საჯარიმოებისა და ოკრიბელაშვილის გარღვევით, ჩამორჩენა სამ ქულამდე შეამცირეს. დაბნეულმა რუსთაველებმა შეტევაში ბურთი დაკარგეს და “დინამოს“ დეფიციტის აღმოსაფხვრელად 16 წამი დარჩა. თბილისელებმა ბურთი გაათამაშეს, ნანიტაშვილი ფარქვეშ შეიჭრა და პერიმეტრზე პასის მიცემას აპირებდა, მაგრამ მასზე დაჯარიმდნენ და დამთავრებამდე 8 წამით ადრე იგი საჯარიმოს ხაზზე აღმოჩნდა. ნანიტაშვილმა ორივე სროლა ჩააგდო და სხვაობა ქულამდე შეამცირა – 71:72.
დინამოელებმა ტაქტიკური ჯარიმის აღებაზე უარი თქვეს და რუსთაველთათვის ბურთის წართმევას პრესინგით საშუალებით შეეცადნენ, თუმცა, ჩაჩანიძის შეჩერება ვერ შეძლეს და ამ უკანასკნელმა საფინალო სირენის თანხლებით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 74:71.
დღის დანარჩენ მატჩებში ბრძოლა არ ყოფილა. “ნიკემ“ ზედმეტი გართულებების გარეშე სტუ დაამარცხა, ხოლო “ჰიუნდაიმ“ შანსი “მაკაბის“ არ დაუტოვა. ქუთაისში გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი “სამედიცინო“ ჩავიდა და მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის უმეტესი ნაწილი მდევრის როლში გახლდათ, საბოლოოდ გამარჯვება მოახერხა.
შესაბამისად, ლიდერები ისევ თითო მარცხის მქონე “რუსთავი“ და “სამედიცინო“ არიან, ხოლო “ჰიუნდაიმ“ “დინამოს“ მარცხით ისარგებლა და მესამე ადგილზე გამაგრდა.
ნიკე – სტუ 78:63
მაკაბი – ჰიუნდაი 85:106
დინამო – ენერჯი-ინვესტი 71:74
ქუთაისი – სამედიცინო 73:85
| 1. | სამედიცინო | 10 | 9 | 1 | 838:690 | 19 |
| 2. | რუსთავი | 10 | 9 | 1 | 902:710 | 19 |
| 3. | ჰიუნდაი | 10 | 7 | 3 | 898:833 | 17 |
| 4. | დინამო | 10 | 6 | 4 | 776:692 | 16 |
| 5. | ქუთაისი | 11 | 4 | 7 | 896:876 | 15 |
| 6. | ნიკე | 10 | 5 | 5 | 790:812 | 15 |
| 7. | მაკაბი | 10 | 3 | 7 | 709:875 | 13 |
| 8. | სტუ | 10 | 1 | 9 | 590:797 | 11 |
| 9. | სოხუმი | 9 | 1 | 8 | 586:700 | 10 |







