ძიუდო

16:33 | 12.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთში თურქეთის გავლით

 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თურქეთში გაემგზავრა. ირაკლი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი უახლოესი საერთაშორისო ტურნირისთვის - მსოფლიოს მასტერსისთვის ანთალიაში მოემზადება, ერთობლივ სანაკრებო შეკრებაზე. უპრესტიჟულეს ტურნირს 25-26 მაისს რუსეთის ქალაქი ტიუმენი უმასპინძლებს. ტატამზე თითოეული წონითი კატეგორიის 16-16 საუკეთესორეიტინგიანი სპორტსმენი გავა. უზნაძემაც თურქეთში სწორედ ის შეგირდები იახლა, რომლებიც რუსეთში იჭიდავებენ. მათ გარდა მწვრთნელმა შემადგენლობაში ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ) და ლევან ჟორჟოლიანიც (100 კგ) შეიყვანა, რომლებიც მასტერსის სარეზერვო სიაში არიან და მოსაწვევს მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ ძირითადი სიის წევრები ტიუმენში ჩასვლას ვერ შეძლებენ. ტატალაშვილისთვის ერთი ძიუდოისტის უარიც საკმარისია, რადგან 73 კილოგრამის მსოფლიოს რეიტინსიაში მე-17 ადგილზეა. 25-ეადგილოსანი ჟორჟოლიანის შანსები კი გაცილებით დაბალია.

სარეზერვო სიაშია შალვა ქარდავაც (66 კგ, 24-ე), რომელიც თურქული შეკრების განაცხადში ვერ მოხვდა, მაგრამ რუსეთში გასამგზავრებლად საქართველოს ძიუდოს ფედერაცია საბუთებს მასაც უმზადებს და თუ მონაწილეთა სიაში მოხვდა, ტურნირზეც აუცილებლად იჭიდავებს.

აქვე ანთალიურ შეკრებაში ჩართულ ქართველ ძიუდოისტთა სრული სია: ამირან პაპინაშვილი (60 კგ), ლაშა შავდათუაშვილი (66 კგ), ზებედა რეხვიაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი (ორივე 73 კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური (ორივე 81 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი, ზვიად გოგოჭური (ორივე 90 კგ), ლევან ჟორჟოლიანი (100 კგ) და ადამ ოქრუაშვილი (+100 კგ).

აქედანვე გადაწყვეტილია, რომ მსოფლიოს მასტერსის დასრულებისთანავე საქართველოს ნაკრები სამხრეთ კორეაში გაემგზავრება მორიგ ათდღიან ერთობლივ შეკრებაში მონაწილეობის მისაღებად.

სეზონის უმთავრეს ტურნირამდე - მსოფლიოს ჩემპიონატამდე, რომელიც 26-31 აგვისტოს რიო დე ჟანეიროში უნდა გაიმართოს, ქართულ გეგმაში ბელარუსისა და ესპანეთის ერთობლივი წვრთნები და მინიმუმ ორი ქართული შეკრებაც შედის. დასკვნით შეკრებას კი უზნაძის გაწვრთნილი გუნდი აგვისტოს შუა რიცხვებიდან, მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძელ ბრაზილიაში გაივლის.

0.111415