სტატიები

12:26 | 6.07.2012 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთში მსჯელობენ – ვისთან ჩამოდის გვარდიოლა?

პარასკევს მოსკოვში “ბარსელონას” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ჩადის. ამ ფაქტს პოპულარული რუსული გაზეთი “სპორტ-ექსპრესი” ასე გამოეხმაურა:
“მომავალ ორწლიან შესარჩევ ციკლში რუსეთის ნაკრების პირველი მატჩი ახლოვდება, მაგრამ მწვრთნელი არ გვყავს. ხალხი ნერვიულობს: ვინ დაიკავებს მთავარი მწვრთნელის პოსტს და როდის?
თუმცა, შესაძლოა, ხალხი ტყუილუბრალოდ ნერვიულობს და რუსეთის ნაკრებს მწვრთნელი მალე ეყოლება. “სპორტ-ექსპრესის” მონაცემებით დღეს მოსკოვში ხოსეპ გვარდიოლა ჩაფრინდება. ცხადია, არა იმისთვის წითელი მოედნით დატკბეს. მაშინ რატომ? მითუმეტეს, ცნობილია, რომ ფეხბურთის რუსი გულშემატკივრები მსოფლიო დონის მწვრთნელით უნდა გააბედნიერონ. ესპანელი ხომ უდავოდ ასეთი სპეციალისტია.
საერთო ჯამში, ისე ჩანს, რომ “კუბიკ რუბიკმა” აწყობა დაიწყო, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ცნობები ჯერ არ არსებობს და მხოლოდ მინიშნებები, რომლებიც შესაძლოა მატყუარაც იყოს. ჟურნალისტური გამოძიების დაწყებას საფუძველი იმ ჭორებმა დაუდო, რომ რუსეთის საფეხბურთო კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა სერგეი ფურსენკომ ვიღაცასთან კონტრაქტი უკვე გააფორმა. ცნობილია, რომ სულეიმან კერიმოვმა სპორტის მინისტრ ვიტალი მუტკოსთან სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით ოთხშაბათს რუსეთის საფეხბურთო კავშირის აღმასკომის წევრებს კონტრაქტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სჩანს, საუბარი წინასწარ შეთანხმებაზე მიდის.  
ჭორების თანახმად, მუტკო რჩეულს, რომლის გვარიც არ ხმაურდება, უკვე შეხვდა. მიუხედავად ამისა, რუსეთის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტები მწვრთნელ “იქსზე” საუბრისას იყენებენ ფრაზას “თითქოს”. კონსპირაცია, სპეცსამსახურების საკადრისია. უცნაურია, რომ ინფორმაციის გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, მთავარი მწვრთნელის კანდიდატურას აღმსაკომის წევრებთანაც კი არ განიხილავენ. ეს იმის მტკიცებულება ხომ არაა, რომ რეალური ძალაუფლება არა ამ ორგანოს აქვს, არამედ მის ცალკეულ წევრებს?
იტალიელის შესახებ, რომლის ჩამოსვლასაც ხუთშაბათს მასმედიის ბევრი წარმომადგენელი აანონსებდა, “სპორტ-ექსპრესს” ინფორმაცია არ აქვს. აი, გვარდიოლას კი ჩამოდის, მაგრამ შესაძლოა მასთან ხელშეკრულება ჩაიშალოს. საქმე ისაა, რომ პეპმა არ იცის, კონტრაქტი ვისთან გააფორმოს. ეს ადამიანი ხომ არა სპორტის მინისტრი, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი უნდა იყოს. იქნებ, აღმასკომმა მოიცადოს და ფურსენკოს გადადგომა არ დააკმაყოფილოს? თუ მოთმენა აღარ შეიძლება, რადგან ვიცე-პრეზიდენტი უკვე პრეზიდენტის კაბინეტში იყო?
ისღა დაგვრჩენია, იმედი გვქონდეს, რომ ესპანელს და მის აგენტებს საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ფიგურა დააკმაყოფილებს და მთავარია, გარანტიები იმ ხალხის მხრიდან, რომლებიც მზად არიან კონტრაქტის ფინანსური მხარე უზრუნველყონ. რომან აბრამოვიჩის მარჯვენა ხელის კაპკოვის განცხადებით, ის საქმის კურსში არაა, მოლაპარაკება ვისთან მიმდინარეობს. ლეონიდ ფედუნის სიტყვები, რომ მზადაა გვარდიოლა დააფინანსოს, სიმართლეს ჰგავს, მაგრამ ეჭვს იწვევს “სპარტაკის” ბოსის მეორე ფრაზა: “გადაწყვეტილება უკვე ჩვენ გარეშე მიიღეს”.
გარდა ამისა, არის “გაზპრომი”. მისი ხელმძღვანელი ალექსეი მილერი ასევე რუსეთის საფეხბურთო კავშირის ვიცე-პრეზიდენტია. ის აღმასკომის სხდომას არ ესწრებოდა და შესაბამისად, ვერაფერს იტყოდა, რა იცის ამ საკითხის თაობაზე. არადა, იქნებ სწორედ მან იცის ყველაფერი საუცხოოდ?
რუსეთში პოტენციური დამფინანსებლების ნაკლებობა არაა, რომელთაც შეუძლიათ 41 წლის მწვრთნელი მიიწვიონ, ვისაც “ბარსელონასთან” ერთად ყველაფერი მოუგია, რის მოგებაც შეიძლებოდა.  შეძლებულ რუსებს უყვართ ყველაფერი პრესტიჟული, კაშკაშა, ძვირადღირებული და გვარდიოლა მათ გემოვნებას საუცხოოდ შეესაბამება. თუმცა, ისმის კითხვა: ფულის გარდა, კიდევ რის გამო უნდა მიიზიდოს ის რუსეთმა? მართალია, რუსთა ნაკრები საერთო ჯამში კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს და ესპანელების მსგავსად ცდილობს ბურთი დაიჭიროს, მაგრამ ისეთი “ვარსკვლავური” შემადგენლობა, როგორიც პეპს “ბარსაში” ჰყავდა, ჩვენთვის მიუღწეველია. სხვებთან კი, მას არც უმუშავია, თუ არ ჩავთვლით კატალონური გუნდის სარეზერვო შემადგენლობას. ამ თვალსაზრისით წარსულში არჩევანის გაკეთება გუს ჰიდინკზე უფრო ლოგიკური იყო, რადგან მან საუცხოოდ გარდაქმნა სამხრეთ კორეისა და ავსტრალიის ნაკრებები”.   

 

მოამზადა ლაშა თაბაგარმა
 

0.112547