ფეხბურთი

10:40 | 29.11.2010 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთმა ლეგიონი შეამცირა

რუსეთის პრემიერლიგაში, სადაც ქართული ლეგიონი ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაციით არის წარდგენილი, გასულ უქმეებზე ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა, ამდენად, მომავალი კვირიდან საფეხბურთო მიმოხილვებიც შემოკლებულ სახეს მიიღებს.
პრემიერლიგის გამარჯვებული სანკტ-პეტერბურგის “ზენიტი” გახდა, ქართველთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი კი ლაშა სალუქვაძისა და დავით კვირკველიას “რუბინმა” აჩვენა, რომელმაც 58 ქულით მე-3 ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედლების გარდა, ჩემპიონთა ლიგის საგზურიც მიიღო.
უკანასკნელ ტურში ყაზანელები მოსკოვში “ლოკომოტივს” ესტუმრნენ და მალხაზ ასათიანის გუნდთან უგოლოდ ითამაშეს. ასათიანი და სალუქვაძე თადარიგში დარჩნენ, კვირკველია კი განაცხადშიც არ ყოფილა. “რკინიგზელებმა” 48 ქულით მე-5 პოზიცია დაიკავეს და ჯანო ანანიძის მოსკოვის “სპარტაკის” (49 ქულა) დარად, უეფა-ს ევროპის ლიგაში თამაშის უფლება დაიმსახურეს. სპარტაკელები დედაქალაქურ დერბიში “დინამოს” დაუზავდნენ (1:1), ანანიძე კი პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს.
თამაშის ბოლომდე ჩამთავრება არ დასცალდა ნალჩიკის “სპარტაკის” ქართველ ნახევარმცველ გოგიტა გოგუასაც, რომელიც მაჰაჩყალის “ანჟისთან” საშინაო შეხვედრაში 26-ე წუთზე დაშავდა და მინდორი იძულებით დატოვა. ნალჩიკელთა მეორე ქართველი დავით სირაძე განაცხადში არ ყოფილა. “ანჟის” კარს 90 წუთის განმავლობაში ნუკრი რევიშვილი იცავდა, ხოლო ოთარ ხიზანეიშვილი სამარქაფო გახლდათ. “სპარტაკმა” 44 ქულით ასპარეზობა მე-6 ადგილზე დაასრულა, მაჰაჩყალელები კი 33 ქულით მე-11 საფეხურზე აღმოჩნდნენ და პრემიერლიგიდან გავარდნას გადაურჩნენ.
33 ქულით (მე-12 პოზიცია) უძლიერესთა რიგებში ადგილი შეინარჩუნა გროზნის “ტერეკმაც”, რომლის ღირსებასაც ლევან გვაზავა იცავს. ჩეჩნური კლუბი ბოლო ტურში ნოვოსიბირსკის “სიბირს” გადაეყარა და სასურველი ყაიმი (1:1) გააფორმა. გასულ შეხვედრაში გვაზავამ შეუცვლელად ითამაშა, პრემიერლიგის დატოვება კი საბოლოოდ კიდევ ერთ კავკასიურ კლუბ ვლადიკავკაზის “ალანიას” მოუწია, რომელმაც 30 ქულა მოაგროვა და პერმის “ამკარს” ბურთების სხვაობით ჩამორჩა.
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში, საწყის ათ ტურში დაუმარცხებელმა “ჰერტამ” ბოლო 4 მატჩში მესამედ წააგო. ლევან კობიაშვილის გუნდი ამჯერად “დუისბურგთან” დამარცხდა  (0:2), რამაც ბერლინელები მე-3 საფეხურამდე ჩამოაქვეითა. რაც შეეხება კობიაშვილს, იგი ტრადიციულად, 90 წუთის განმავლობაში ამაგრებდა ბერლინელთა დაცვის მარცხენა ფლანგს.
სამაგიეროდ, წარმატებას მიაღწია “კარლსრუემ”, რომლის კაპიტანიც ალექსანდრე იაშვილი გახლავთ. ქართველი თავდასხმელის გუნდმა მე-15 წუთიდან კაცნაკლულად დარჩენილი “ობერჰაუზენი” 4:0 გაანადგურა, თუმცა, 13 ქულით მაინც აუტსაიდერთა შორისაა. იაშვილმა 90 წუთს ითამაშა და მეორე და მესამე გოლებისას კრისანტუსსა და ციმერმანს ასისტენტობაც გაუწია. მათე ღვიანიანიძის “მიუნხენ 1860” დღეს “ფიურტს” ესტუმრება.
იტალიის სერია A-ში საქართველოს ნაკრების კაპიტნის, კახა კალაძის გარეშე ჩაიარა “ბრეშიასა” და “ჯენოას” უგოლოდ დასრულებულმა დაპირისპირებამ. კალაძე გენუელთა განაცხადში მცირე ტრავმის გამო არ ყოფილა, მისი გუნდი კი 18 ქულით მე-12 ადგილზე დარჩა.  
ზედიზედ მეორედ დამარცხდა სერია B-ში მოთამაშე “ემპოლი” და ამჯერად, ლევან მჭედლიძესთან ერთად. ქართველი თავდამსხმელი 26 ოქტომბრის შემდეგ პირველად მოხვდა გუნდის განაცხადში და “სასუოლოსთან” საშინაო მატჩში, 64-ე წუთზე შევიდა კიდეც მოედანზე, მაგრამ გუნდს ვერაფრით დაეხმარა და მასპინძლებმა შეხვედრა 0:1 დათმეს. ამ მატჩის შემდეგ, 17 ტურში 25 ქულის ამღები “ემპოლი” მე-7 პოზიციამდე დაქვეითდა.
ინგლისის ჩემპიონლიგაში, ზედიზედ მე-4 ფრე ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილის “რედინგმა”, რომელიც “ლიდს იუნაიტედს”, საკუთარ კედლებში, უგოლოდ დაუზავდა. ხიზანიშვილმა ტრადიციულად 90 წუთი ითამაშა, მისი გუნდი კი, 19 თამაშში მოპოვებული 26 ქულით, მე-11 ადგილზეა.
ჰოლანდიის ერედივიზიონში ზედიზედ მე-6 წაუგებელი მატჩი ჩაატარა გურამ კაშიას “ვიტესმა”, რისი წყალობითაც არნემელებმა 17 ქულა მოაგროვეს და მე-14 ადგილზე იმყოფებიან. მე-16 ტურში “ვიტესმა” “გრაახფსხაპთან” გასვლითი შეხვედრა 1:1 დაასრულა, კაშია კი ტრადიციულად შეუცვლელად გაისარჯა და პირველ ტაიმში ყვითელი ბარათიც დაიმსახურა.
ისრაელის ლიგატ ალ-ში მორიგი ქართული დერბი შედგა. აშქელონში გასვლითი შეხვედრა ჰქონდა ელიშა ლევისა და გიორგი დარასელიას გაწვრთნილ ჰაიფას “მაკაბის”. სტუმართა ქართველმა ფორვარდმა ვლადიმერ დვალიშვილმა, 31 ოქტომბრის შემდეგ გოლი პირველად გაიტანა, რითაც მისი გუნდის დამაჯერებელ მოგებას დაუდო დასაბამი.
ლადომ 44-ე წუთზე გახსნა ანგარიში. ამ დროისათვის, მინდორზე მყოფ კიდევ ერთ ქართველს, აშქელონელთა ნახევარმცველ ზურაბ მენთეშაშვილს, მსაჯისაგან ყვითელი ბარათი ჰქონდა მიღებული (მე-17 წუთი). ჰაიფელებმა მე-2 ტაიმში კიდევ 2 გოლი გაიტანეს “ჰაპოელის” კარში და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირეს – 3:0.
სამწუხაროდ, “მენთეშამ” არბიტრს კიდევ ერთხელ გააფრთხილებინა თავი და საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე მოედნის დატოვება მოუწია. ამ მოგებით “მაკაბის” 25 ქულა დაუგროვდა და კირიათშმონელებთან ერთად სატურნირო ცხრილს ლიდერობს. აშქელონელებს რაც შეეხებათ, ისინი 10 ქულით მე-13 საფეხურამდე დაეშვნენ.
უფრო პასიურნი იყვნენ ქართველები ლეუმითლიგაში. კფარ სავაში გასვლითი მატჩი 0:1 წააგო ჰერცლიას “მაკაბიმ”, რომლის რიგებში ირაკლი გეფერიძე 62-ე წუთზე გამოჩნდა. მასპინძლებმა 86-ე წუთზე შეძლეს გამარჯვების გოლის გატანა და ცხრილის სათავეში ადგილის შენარჩუნება. ჰერცლიელებს რაც შეეხებათ, მათ 18 ქულა დარჩათ და მე-6 ადგილზე არიან.
ბნეი ლოდის “ჰაპოელმა” შინ მიიღო და ფრედ 0:0 ეთამაშა ნეს ციონას “სეკციას”. მასპინძელთა რიგებში თავიდანვე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ გიორგი გაბიდაური და კოკა მიკუჩაძე. ეს უკანასკნელი მწვრთნელმა მატჩის 83-ე წუთზე შეცვალა. ეს ბნეილოდელთა მიერ წაუგებლად ჩატარებული ზედიზედ მეოთხე შეხვედრაა და ერთ დროს ფსკერზე მყოფი “ჰაპოელი”, 13 ქულით ცხრილის შუაგულს მიუახლოვდა (X ადგილი).
სერბეთის სუპერლიგაში, “ვოევოდინას” მიერ ზედიზედ მე-4 მატჩის მოგებაში უდიდესი წვლილი შეიტანა ქართველმა გიორგი მერებაშვილმა, რომელიც გუნდს 2 გოლით შეეწია. “სმედერევოსთან” გამართულ მატჩში ქართველმა შემტევმა ანგარიში მე-4 წუთზე გახსნა, 21-ე წუთზე კი, მატჩის მე-2 გოლიც გაიტანა, როდესაც სტუმართა კიპერს ერთი შეხებით ბურთი თავზე გადაუგდო. რამდენიმე წამში, გოლი მისმა თანაგუნდელმაც მიითვალა, საბოლოოდ “ვოევოდინამ” 4:1 მოიგო და 14 თამაშში მოპოვებული 31 ქულით მე-2 ადგილზე გადაინაცვლა. აღსანიშნავია, რომ მერებაშვილმა “ვოივოდინას” მაისურით დუბლის შეასრულება მეორედ შეძლო.
უნგრეთის NB1-ის მე-16 ტურის მატჩში “დიორ ეტომ” “უიპეშტთან” 1:1 ითამაშა და 18 ქულით მე-12 ადგილზე დარჩა. მასპინელთა სასტარტო შემადგენლობაში ერთბაშად სამმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. ლაშა თოთაძე და გიორგი განუგრავა შეუცვლელად გაისარჯნენ, რატი ალექსიძემ კი მინდორზე 79 წუთი დაჰყო და პირველი ტაიმის ბოლოს ბუგერას საგოლე პასიც უბოძა.
ბერძნულ სუპერლიგაში უხეშობით სავსე დაპირისპირება შედგა გიორგი შაშიაშვილის “ერგოტელისსა” და “ლარისას” შორის. ამ შეხვედრის არბიტრმა ფეხბურთელებს 11 ყვითელი და 1 წითელი ბარათი (სტუმარი ტალი უკვე 26-ე წუთზე გააძევა) უჩვენა, თამაში კი “ერგოტელისმა” 2:1 მოიგო და 13 ქულით მე-11 ადგილზე გადაინაცვლა. ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
შვეიცარიის ჩელენჯლიგაში გიორგი ივანიშვილის “შაფჰაუზენმა” “ლოზანა” მიიღო და 1:1 ითამაშა, რის შემდეგაც 18 ქულით მე-8 ადგილზე აღმოჩნდა. საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა მინდორზე 90 წუთი გაატარა, რაც ბოლო ტურების განმავლობაში პირველად მოხდა.
უკრაინის პრემიერლიგაში სიმფეროპოლის “ტავრია” საკუთარ კედლებში “ვორსკლას” დაუზავდა (2:2). მასპინძელთა რიგებში ვასილ გიგიაძე 67-ე წუთზე გამოჩნდა, როდესაც ანგარიში 2:1 იყო მისი გუნდის სასარგებლოდ. 19 ტურში მოპოვებული 23 ქულით “ტავრია” ცხრილში მეცხრეა.
ზედიზედ მე-6 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა “კარპატიმ”. ლვოველებმა ლუგანსკის “ზარია” 4:2 დაამარცხეს, სანდრო გურული მასპინძელთა განაცხადში კი მოხვდა, მაგრამ თამაშში ჩართვის საშუალება არ მისცემია. კარპატელები 32 ქულით მე-5 საფეხურზე იმყოფებიან.
ლუცკის “ვოლინთან” გასვლით მატჩში 0:1 დამარცხდა ზაპოროჟიეს “მეტალურგი”, რომლის მაისურითაც დიმიტრი ტატანაშვილმა 59-ე წუთიდან ითამაშა. ზაპოროჟიელებს 10 ქულა შერჩათ და ბოლო ადგილს თავი ვერ დააღწიეს.
35 ქულით მე-4 საფეხური შეინარჩუნა დნეპროპეტროვსკის “დნიპრომ”, რომელმაც კიევში “ობოლონს” რთული მატჩი 1:0 მოუგო. სტუმართა რიგებში უჩა ლობჟანიძე 42-ე წუთიდან ტრავმირებული რუსოლის ნაცვლად გამოჩნდა, ჯაბა კანკავა კი განაცხადში ვერ ვიხილეთ.
აზერბაიჯანის ჩემპიონატში სეზონში მე-4 მარცხი განიცადა ბაქოს “ინტერმა”, რომლის დამრიგებელიც კახაბერ ცხადაძე გახლავთ. დედაქალაქელები დავით სვანიძის “მუღანს” ესტუმრნენ და 0:1 წააგეს. სვანაძე სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა, “ინტერის” შემადგენლობაში კი ოთხივე ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშა. გიორგი ლომაია შეუცვლელად გაისარჯა, ილია კანდელაკი, რომელმაც ყვითელი ბარათი მიიღო, 89-ე წუთზე კახაბერ მჟავანაძემ შეცვალა, ხოლო დავით ოდიკაძემ 78 წუთს ითამაშა. ბაქოელები 27 ქულით მე-4 ადგილზე დარჩნენ, სალიანელები კი 23 ქულით მეცხრენი არიან.
1:0 დასრულდა “განჯასა” და ბაქოს მოიკ-ის დაპირისპირება, რომელშიც მონაწილეობა ორმა ქართველმა ფეხბურთელმა მიიღო. მასპინძელთა რიგებში ზურაბ ძამსაშვილმა 38-ე წუთიდან ითამაშა, გიორგი სეთურიძე კი მინდორზე მხოლოდ 90-ე წუთზე გამოჩნდა. რაც შეეხება ლევან მდივნიშვილს, იგი სათადარიგოთა სკამიდან არ წამომდგარა. განჯელებმა 19 ქულით მე-8 ადგილზე გადაინაცვლეს.
ფრე (1:1) აღინიშნა დედაქალაქური “ბაკისა” და ლენქორანის “ხაზარის” დაპირისპირებაში, სტუმართა ქართველი მცველი დავით იმედაშვილი კი სამარქაფო გახლდათ. ხაზარელებმა 31 ქულით მე-3 პოზიციას უწიეს. 21 ქულით მე-7 ადგილამდე დაქვეითდა გიორგი ადამიას “ყარაბახი”, რომელიც შინაურ კედლებში ბაქოს “ნეფთჩისთან” 0:1 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა 59 წუთიდან ითამაშა.
რევაზ ძოძუაშვილის მიერ დარიგებულმა ტოვუზის “თურანმა” ბაქოურ აზალ-თან 1:2 წააგო და 11 ქულით მე-10 საფეხურამდე დაქვეითდა. ძოძუაშვილმა შალვა ფირცხალავა 69 წუთს ათამაშა, გიორგი ჭედია კი, რომელიც გაფრთხილებასაც გამორჩა, 90 წუთს მინდორზე გახლდათ. აზალ-ის მაისურით ნუგზარ კვირტიამ ასევე შეუცვლელად ითამაშა, მისი გუნდი კი 31 ქულით მე-2 საფეხურზე გადაბარგდა.

 

დათო მანჯავიძე

მიშა ზაქარეიშვილი

ფრიდონ კერვალიშვილი

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.168726