2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ბოლოსწინა მატჩში რუსეთის ნაკრებმა ურუგვაის მინიმალური სხვაობით სძლია, რაც მას სამხრეთ ამერიკაში გამგზავრების წინ მშვიდად ყოფნის საშუალებას არ მისცემს.
კრასნოიარსკში გამართული რეპეშაჟის ფინალური ეტაპის პირველი თამაში დაძაბული გამოდგა და ურუგვაის შეეძლო შინ სულაც გამარჯვებული დაბრუნებულიყო, მაგრამ ბოლო წუთებზე დამრტყმელს მიზანმა ორჯერ უმტყუნა.
მანამდე, პირველი ტაიმი იური კუშნარიოვისა და ფილიპ ბერკესის დუელს დაემსგავსა. ორივე გუნდი ხშირად ჯარიმდებოდა. ანგარიში რუსებმა გახსნეს, სტუმრებმა მალევე აღადგინეს წონოსწორობა და წინაც გავიდნენ, რის შემდეგაც უკვე მასპინძლებმა გაათანაბრეს ორჯერ ანგარიში, მაგრამ ურუგვაიმ ორჯერვე მოახერხა დაწინაურება.
ტაიმი სრულდებოდა და სამხრეთელები 12:9-ს იგებდნენ, როდესაც “დათვებმა” მოკლე დარტყმებით იარეს და გრიგოლ ცნობილაძემ ისე, რომ ხელს აღარავინ უშლიდა, შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანა, ხოლო კუშნარიოვმა გარდასახვა გამოიყენა და შესვენებაზე რუსები 4-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ.
თამაში სტუმართა იერიშებით განახლდა, მაგრამ მათ ლელოს გატანა ვერ შეძლეს, მერე რუსებმა შანსი მიიღეს და კუშნარიოვმა ჯარიმით უპირატესობა 7 ქულამდე გაზარდა. მაგრამ “დათვები” დისციპლინაში მაგრად მოიკოჭლებდნენ და ურუგვაიმ 4 წუთში 2 ზუსტი დარტყმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მერე რუსთა ორი მორაგბე სინბინით დაისაჯა და ზუსტი დარტყმით სამხრეთელები 21:19 დაწინაურდნენ.
აქ, ურუგვაის შეეძლო, რომ ორკაციანი უპირატესობით ესარგებლა და უფრო დაწინაურებულიყო, მაგრამ ამის ნაცვლად ჯარიმა თავად გაუშვა, მერე ორი შანსი თავად ვერ გამოიყენა და საბოლოოდ 21:22 დამარცხდა.
სხვაობა ისეთია, რომ ორ კვირაში გასამართი მეორე მატჩი უდიდეს მნიშვნელობას იძენს და ინგლისის 2015 წლის მსოფლიო თასის ბოლო მონაწილეც 11 ოქტომბერს, მონტევიდეოში გამოვლინდება. წყვილის გამარჯვებული A ჯგუფში, ავსტრალიის, ინგლისის, უელსისა და ფიჯის წინააღმდეგ ითამაშებს.