კალათბურთი

20:28 | 8.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუსეთი ევროპირველობას გამოეთიშა

ამ წუთებში საქართველოს ნაკრები ევროპირველობაზე რიგით მეოთხე მატჩს ჩეხეთის წინააღმდეგ ატარებს. იგორ კოკოშკოვის გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლის თეორიული შანსიღა დარჩა. საქართველოს მატჩის დასრულებამდე მეოთხე ტურის პირველი მატჩების მიმოხილვას გთავაზობთ.

 

A ჯგუფი

დიდი ბრიტანეთი _ გერმანია 81:74 (16:23, 26:15, 17:18, 22:18)

ჩემპიონატის პირველ ტურში საფრანგეთის მოულოდნელი დამარცხების შემდეგ, გასაკვირი აღმოჩნდა გერმანიის ზედიზედ მესამე მარცხი.

ეს მატჩი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა, მესამე მეოთხედის ბოლოს ფრენკ მენზის შეგირდები ბრიტანეთთან სამი ქულით მარცხდებოდნენ, თუმცა ჰესსონის, კლარკისა და ლოურენსის ტრიომ ალემანებს წინ გასვლის საშუალება არ მისცა და საბოლოოდ 7 ქულის სხვაობით დაამარცხა. გერმანელთა მხრიდან თამაში არ წაუვიდა ბენზინგს, ხოლო ტიბორ პლეისმა ორმაგი დუბლი მიითვალა.

დიდი ბრიტანეთი: ლოურენსი (31წ. 23ქ. 2პ), ჰესსონი (27წ. 21ქ. 11მ),

კლარკი (32წ. 17ქ. 7მ. 2პ), აჩარა (22წ. 11ქ. 5მ. 1პ).

გერმანია: პლეისი (30წ. 20ქ. 14მ. 3პ) ბენზინგი (21წ. 12ქ. 3მ), კინგი (19წ. 11ქ. 4მ), შაფარტზიკი (39წ. 9ქ. 5მ. 1პ)

 

B ჯგუფი

ბოსნია _ მაკედონია 62:54 (16:15, 13:13, 12:17, 21:9)

წინა ევროპის ჩემპიონატზე მაკედონიამ ბოსნიის ეროვნული გუნდი ბოლო ორ მეოთხედში დაამარცხა (75:63), ამჯერად კი სცენარი სხვაგვარად განვითარდა. აკო პეტროვიჩის გუნდი ბოლო მეოთხედის თავზე მაკედონიასთან 4 ქულით აგებდა. ბოსნიელებმა ძალა მოიკრიბეს და გადამწყვეტ 10 წუთში მაკედონია 12 ქულის სხვაობით დაამარცხეს _ 62:54.

გამარჯვებულებს ტელეტოვიჩისა და დჟედოვიჩის დუეტმა ულიდერა, მათ ანგარიშზე 42 ქულაა. დამარცხებულთაგან მაკალებმა 19 ქულა მიითვალა. ამ გამარჯვებით ბოსნიელები ჯერჯერობით ჯგუფში გალიდერდნენ.

ბოსნია: ტელეტოვიჩი (38წ. 22ქ. 7მ), დჟედოვიჩი (36წ. 20ქ. 7მ. 6პ), კიკანოვიჩი (25წ. 8ქ. 8მ), რაითი (21წ. 3ქ. 12მ).

მაკედონია: მაკალები (35წ. 19ქ. 6მ), ანტიჩი (38წ. 17ქ. 7მ), ილიევსკი (35წ. 8ქ. 4მ. 5პ).

 

C ჯგუფი

პოლონეთი _ ესპანეთი 53:89 (5:25, 8:24, 17:27, 23:13)

ესპანეთისა და პოლონეთის მატჩში ჩემპიონატის ჯერჯერობით ყველაზე დიდი სხვაობა დაფიქსირდა _ 36 ქულა. ესპანელებმა სლოვენიასთან განცდილი მარცხის შემდეგ ჯგუფის აუტსაიდერებთან ფრთები შეისხეს. ხუან ორენგას შეგირდებმა პოლონელებს პირველ ტაიმშივე მოუგვარეს საქმე (13:49).

პოლონელებმა კიდევ ერთი უსახური მატჩი ჩაატარეს და როგორც აღინიშნა, პირველ ტაიმში მხოლოდ 13 ქულა ჩააგდეს (შედარებისთვის, 2004 წელს, ტრეისი მაკგრეიდს “სან ანტონიოს” წინააღმდეგ, 13 ქულის ჩასაგდებად 35 წამი დასჭირდა). ესპანელთაგან 10-ქულიან ზღვარს ერთბაშად 5 კალათბურთელი გადაცდა.

პოლონეთი: ზამოისკი (20წ. 11ქ), ლამპე (23წ. 10ქ. 2მ), კელატი (29წ. 7ქ. 3მ. 2პ).

ესპანეთი: მარკ გასოლი (21წ. 15ქ. 6მ. 1პ), ფერნანდესი (23წ. 13ქ. 4მ. 4პ), რუბიო (23წ. 15ქ. 3მ. 5პ), რეი (11წ. 12ქ. 3მ), როდრიგესი (23წ. 11ქ. 3მ. 5პ).

 

D ჯგუფი

ფინეთი _ რუსეთი 86:83 (16:18, 15:12, 10:16, 26:21 ო.ტ 11:8)

ფინეთსა და რუსეთის შეხვედრაში მოვლენები დრამატულად განვითარდა. მატჩის დამთავრებამდე სამი წამით ადრე რუსები ორი ქულით იგებდნენ და ჩემპიონატში პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ალექსეი შვედი მოტოლაზე დაჯარიმდა, ფინელმა კი ორივე საჯარიმო ტყორცნა ზუსტად შეასრულა და ძირითადი დრო 67:67 დასრულდა.

ოვერტაიმი უკეთესად ვასილი კარასევის შეგირდებმა დაიწყეს და ერთი პერიოდი 4 ქულის სხვაობითაც იგებდნენ, თუმცა ფინელებმა კვლავ გამოავლინეს ბრძოლისუნარიანობა: დამატებული დროის ბოლო წამებზე სალინმა საჯარიმო სროლა ზუსტად შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში 86:83 დააფიქსირა. გამარჯვებულთაგან ორმაგი დუბლი ერთბაშად სამმა კალათბურთელმა მიითვალა. ამ წაგებით რუსეთმა მეორე ეტაპზე გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა და ევროპირველობას გამოეთიშა.

ფინეთი: კოტი (27წ. 12ქ. 10მ. 1პ), სალინი (40წ. 12ქ. 10მ. 4პ), კოპონენი (42წ. 11ქ. 2მ. 11პ), ჰუფი (33წ. 20ქ. 9მ), მოტოლა (14წ. 12ქ. 2მ).

რუსეთი: ფრიდსონი (38წ. 16ქ. 10მ. 6პ) შვედი (40წ. 25ქ. 5მ. 6პ) ანტონოვი (21წ. 10ქ. 5მ).

 

გიორგი ბალახაძე

ევრობასკეტ-2013-ს წარმოგიდგენთ ონლაინ-ტოტალიზატორი TBILISIBET.COM და სპორტული ეკიპირების ესპანური ბრენდი Joma


0.092573