კალათბურთი

22:28 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუსებს ევრობასკეტისთვის კარასიოვი მოამზადებს

2013 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის რუსეთის საკალათბურთო ნაკრებს ვასილი კარასიოვი მოამზადებს, რომელიც გუნდის სამწვრთნელო შტაბში სასწრაფო წესით იქნა შეყვანილი. მცირე ხნის წინ კარასიოვის ხელმძღვანელობით, რუსეთის საუნივერსიტეტო ნაკრებმა ყაზანში გამართული უნივერსიადის მოგება მოახერხა, რაც რუსული კალათბურთის უფროსობას შეუმჩნეველი არ დარჩენია.

შეგახსენებთ, რომ რუსების ეროვნული გუნდი თავკაცის გარეშე მას შემდეგ დარჩა, რაც თანამდებობა ფოტის კაციკარისმა დატოვა. ბერძენ სპეციალისტს რუსეთის კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდა და ნაკრები ისე დატოვა, მისთვის არცერთ მატჩში არ უხელმძღვანელია.

რუსებმა სლოვენიაში დაგეგმილი ევრობასკეტისთვის მზადება სწორედ დღეს დაიწყეს, ტურნირამდე კი 9 საკონტროლო მატჩი აქვთ დაგეგმილი: ორჯერ ლატვიასთან, სერბეთთან, ბოსნია-ჰერცეგოვინასთან, სლოვენიასთან, ჩეხეთთან, ლიტვასთან, ფინეთთან და უკრაინასთან.

რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში მოხვდა და ქალაქ კოპერში საბერძნეთს, თურქეთს, იტალიას, ფინეთს და შვედეთს ეთამაშება.

0.114818