სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო - ოლიმპიადის სააკრედიტაციო ფორმაში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სუბიექტებად შეიყვანა.
ევროპის მაუწყებელთა კავშირის ელექტრონულ ბაზაში განთავსებულ ტელე-მედიის სარეგისტრაციო ფორმაში დაფიქსირებული უზუსტობა, ფორმის შევსებისას, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ჟურნალისტმა ოთარ გიორგაძემ აღმოაჩინა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელობას აცნობა.
უსიამოვნო ამბის დეტალების გასარკვევად და გაუგებრობის დროულად აღმოსაფხვრელად, საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა ოფიციალური წერილით მიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ოლიმპიური თამაშების მედია-ოპერაციების განყოფილებას და ოფისის ხელმძღვანელ ენტონი ედგარისგან, პასუხიც სწრაფადვე მიიღო - ვითარებაში გავერკვევით და ოფიციალურ პასუხსაც ოპეტარიულად გაცნობებთო.
"აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოა. მათ ცალკე ქვეყნებად, რუსეთის გარდა, თითქმის არავინ აღიარებს. არც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერაა აღიარებული და ნებისმიერი ფორმით, ოლიმპიური თამაშების ნებისმიერ პროგრამაში ცალკე ქვეყნად მათი მონაწილეობა, გამორიცხულია. ძალიან უსიამოვნო პრეცედენტი მოხდა. სოკ-საც უმალ მივმართეთ და სამართლიან რეაგირებასაც ველით”, – განაცხადა სეოკ-ის პირველმა ვიცეპრეზიდენტმა ელგუჯა ბერიშვილმა.