რაგბი

18:40 | 18.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

რუმინეთმა გადაგვასწრო, აშშ წამოგვეწია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, შაბათს აშშ-სთან ბოლო წუთზე გაშვებული ჯარიმის გამო განცდილი მარცხის შედეგად, რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში 1,69 ქულა დაკარგა და მე-17 პოზიციამდე დაქვეითდა.

მე-16 ადგილზე ევროპის “ერთა თასზე” “ბორჯღალოსანთა” მეტოქე რუმინეთი აღზევდა, რომელმაც ასევე ბოლო წუთზე გატანილი ჯარიმით კანადა 21:20 დაამარცხა და რეიტინგს 1,07 ქულა შემატა. საქართველოს ნაკრები მხოლოდ 0,56 ქულით უსწრებს აშშ-ს და თუ “არწივებმა” მომავალ შაბათს რუსეთიც დაამარცხეს, მაშინ მათ წინსვლის შანსი გაუჩნდებათ და შესაძლოა, ჩვენი გუნდი მე-18 ადგილამდე დაქვეითდეს.

თუმცა, თუ მილტონ ჰეიგის შეგირდებმა რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფი სამოას დამარცხება მოახერხეს, მაშინ მათ რეიტინგს 1,91 ქულა შეემატება და დაკარგული მე-16 საფეხურიც დაბრუნდება. თუ ქართველებმა მეტოქე 15 ქულაზე მეტი სხვაობით დაამარცხეს, მაშინ მატება სულაც 2,86 ქულა იქნება, ხოლო ფრე 0,91 ქულას მოგვიტანს. რადგან ჩვენსა და სამოელებს შორის რეიტინგში დიდი სხვაობაა, მათთან მარცხი მხოლოდ 0,1-0,15 ქულას მოგვაკლებს. მთლიანობაში, საქართველოს სარეიტინგო ადგილი უშუალოდ ჩვენი თამაშის გარდა რუსეთ-აშშ-სა და რუმინეთი-ფიჯის დაპირისპირების შედეგზეც იქნება დამოკიდებული.

მთლიანობაში, გასულ შაბათ-კვირას გამართული მატჩების შედეგად რეიტინგში ცვლილებები მრავლად მოხდა. პირველ ადგილს აგერ უკვე მე-4 წელია ახალი ზელანდია იკავებს (2009 წლის 16 ნოემბრიდან). რომელმაც ინგლისი სტუმრად 30:22 დაამარცხა და კიდევ უფრო წინ წავიდა. მეორე ადგილზე მყოფმა სამხრეთ აფრიკამ შოტლანდიას ოთხი უპასუხო ლელო გაუტანა, 28:0 იმარჯვა და მეორე ადგილზე რჩება. ამასთან, მათ ინგლისელებთან უპირატესობა გაზარდეს.

მართალია ინგლისმა მე-3 პოზიცია შეინარჩუნა, მაგრამ ნოემბერში თამაში აღარ აქვს, ავსტრალიას სულ ცოტათი უწრებს და თუ “კენგურუებმა” 23-ში შოტლანდია დაამარცხეს, მაშინ მე-3 საფეხურს სწორედ ისინი დაიბრუნებენ. ავსტრალიამ იტალიის შემდეგ ირლანდიას აჯობა (32:15) და ინგლისთან ჩამორჩენა 0,05 ქულამდე დაიყვანა. საწყის ათეულში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა. უელსმა, რომელმაც არგენტინა 40:6 გაანადგურა, ირლანდია მე-6 პოზიციიდან ჩამოაქვეითა. ათეულს სწორედ არგენტინა ხურავს, რომელსაც ზედიზედ ორმა მარცხმა ბევრი ვერაფერი დააკლო. მართალია საფრანგეთში 18:38 მარცხი ტონგას დიდად არ დატყობია, მაგრამ ფიჯი იტალიასთან 31:37 რომ დამარცხდა, გუნდებმა პოზიციები გაცვალეს.

 

რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) მსოფლიო რეიტინგი 18 ნოემბრისთვის

1      (1). ახალი ზელანდია       93,81

2      (2). სამხრეთ აფრიკა                 88,77

3      (3). ინგლისი                                85,70

4      (4). ავსტრალია                85,65

5      (5). საფრანგეთი                        81,44

6      (7). უელსი                                  80,98

7      (6). ირლანდია                 79,33

8      (8). სამოა                               79,24

9      (9). შოტლანდია              76,99

10    (10). არგენტინა             75,23

11    (11). იტალია                               74,34

12    (13). ტონგა                              73,21

13    (12). ფიჯი                                  72,87

14    (14). იაპონია                           71,72

15    (15). კანადა                            70,40

16    (17). რუმინეთი             68,81

17   (16). საქართველო                    67,17

18    (18). აშშ                                 66,61

19    (19). რუსეთი                             61,94

20    (20). ესპანეთი                         60,95

21    (21). ურუგვაი                           60,77

22    (22). პორტუგალია                       59,72

23    (23). ნამიბია                          58,79

24    (24). კორეა                              58,10

25    (25). ბელგია                              57,52

26    (26). გერმანია                         56,20

27    (27). ჩილე                                 55,44

28    (29). მოლდოვა             55,11

29    (28). ჰონკონგი                        54,56

30    (32). ზიმბაბვე                                   53,56

31    (30). ჰოლანდია             52,86

32    (33). პოლონეთი             52,32

33    ...

0.113875