როგორც იცით, "კლუჟის" ქართველმა შემტევმა გიორგი ჭანტურიამ შაბათს პირველი გოლი გაიტანა რუმინეთის ჩემპიონატში. პირველი და ლამაზი: მარჯვენა ფლანგიდან დაბალი, ძლიერი დარტყმით ახლო კუთხეში გაუტანა "ჩახლაულის" მეკარეს. ამ გოლით 2:0 გახდა ანგარიში და მატჩი ასეც დასრულდა.
გოლამდე ერთი წუთით ადრე კი ჭანტურიას ყვითელი ბარათი უჩვენეს. მსაჯმა ალექსანდრუ ტუდორმა სიმულაცია დააბრალა გიორგის, თუმცა ნამატჩევს აღიარა, რომ შეცდა.
ფოტოზე ხედავთ, მსაჯი ჭანტურიას ეხუტება. გიორგიმ "მსოფლიო სპორტთან" განმარტა:
"მატჩი რომ დასრულდა, მსაჯთან მივედი და ვუთხარი, მეტოქემ მაისურზე მომქაჩა და არ გამიფორმებია-მეთქი. მითხრა, ყვითელი არ უნდა მეჩვენებინაო და იქვე, გოლიც მომილოცა. ეს იყო და ეს".
გოლს რაც შეეხება, გიორგიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
"ღმერთს მადლობას ვუხდი ამ გოლისთვის. კარგი გოლი გამოვიდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "კლუჟის" მაისურით პირველი ბურთის გატანა. კარგია, რომ მოვიგეთ და ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. რაც აქ ჩამოვედი, შინ პირველად მოვიგეთ. და ასევე, ყველას ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!".