საქართველოს ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა მაკედონიის ქალაქ ოჰრიდში დაწყებული ოთხთა ტურნირის საწყის მატჩში რუმინეთს იოლად – 83:71 სძლია. მიუხედავად იმისა, რომ ადრე გამოცხადებული შემასდგენლობიდან ამჯერად გუნდის რიგებში არ ყოფილან მანუჩარ მარკოიშვილი, გიორგი შერმადინი, თორნიკე შენგელია და რიკი ჰიკმანი, იგორ კოკოშკოვის შეგირდებს გამარჯვება არ გასჭირვებიათ.
წამყვანი კალათბურთელების არყოფნაში, სასტარტო ხუთეულში ზაზა ფაჩულია, გიორგი ცინცაძე, ვიქტორ სანიკიძე, ნიკა მეტრეველი და ლევან ფაცაცია გამოჩნდნენ, თუმცა კი, საბოლოოდ, კოკოშკოვს ლიდერები დიდად არ დაუტვირთავს და მიხეილ ბერიშვილის გარდა, თავის გამოჩენის შანსი განაცხადში მყოფ ყველა კალათბურთელს მისცა.
რუმინელებმა მხოლოდ პირველ მეოთხედში გაიბრძოლეს, როდესაც 14:7 დაწინაურდნენ, შემდეგ კი ყველაფერი თავის ადგილას დადგა. საქართველოს ნაკრები უპირატესობას მეთოდურად ზრდიდა, ფარზე დიდი უპირატესობა ჰქონდა (მოხსნებში მეტოქეს 34:20 ვაჯობეთ) და დასკვნით მეოთხედს 19-ქულიანი უპირატესობით უწია, ამდენად, ბოლო ათწუთეულს მხოლოდ ფორმალური მხარეღა ჰქონდა.
აღსანიშნავია, რომ ქართველთაგან მინიმუმ 7 ქულა ერთბაშად 8 კალათბურთელმა მოაგროვა, რაც ჩვენს ეროვნულ გუნდში არცთუ ხშირად ხდებდა ხოლმე. 12-12 ქულა ოთხმა მოთამაშემ – მეტრეველმა, ფაჩულიამ, ცინცაძემ და შარაბიძემ ჩააგდო.
განსაკუთრებით აღსანიშნავი მეტრეველის და შარაბიძის გარჯაა, რომელთაც შესაბამისად 6 და 7 მოხსნაც მიითვალეს, ცინცაძეს აქტივში 8 პასიც ჰქონდა, ტრადიციულად ორმაგ დუბლზე გაიწია სანიკიძემაც – 10 ქულა, 7 მოხსნა. არც ბესიკ ლეჟავას კარგი გარჯა უნდა დაგვავიწყდეს, რომელმაც ფაცაციას დარად 8 ქულა ჩააგდო.
საქართველოს ნაკრები მაკედონიურ ტურნირზე მე-2 მატჩს 17 ივლისს ავსტრიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებს, რომელიც დღეს ძალებს მასპინძელთა ნაკრებთან მოსინჯავს. ხვალინდელი შეხვედრა კვლავ 20:00 საათზე დაიწყება.
ოჰრიდის საერთაშორისო ტურნირი. მაკედონია. 16 ივლისი
საქართველო – რუმინეთი 83:71 (18:14, 25:13, 25:22, 15:22)
საქრთველო: მეტრეველი (30 წ. 12 ქ. 6 მ.), ფაჩულია (20 წ. 12 ქ. 5 მ.), ცინცაძე (25 წ. 12 ქ. 3 მ. 7 პ. 3 ჩ.), ფაცაცია (18 წ. 8 ქ. 4 მ.), სანიკიძე (26 წ. 10 ქ. 7 მ. 3 პ. 3 ჩ.); ფხაკაძე (15 წ.), სანაძე (16 წ. 7 ქ.), ფარღალავა (4 წ.), დვალიშვილი (10 წ. 2 ქ.), შარაბიძე (20 წ. 12 ქ. 7 მ.), ლეჟავა (16 წ. 8 ქ.).
სრული სტატისტიკა
http://www.fibalivestats.com/matches/8416/12/26/59/13c8nWhpBJwDk/