რაგბი

23:25 | 24.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

Rugbyworldcup.com: საქართველოს ერთი სული აქვს, მსოფლიო თასზე “ოლ ბლექსს” ეთამაშოს

“საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს მიაჩნია, რომ მსოფლიო თასზე გასვლით მხოლოდ საქმის ნახევარია დასრულებული, მიუხედავად იმისა, რომ მისმა გუნდმა რუსეთის ნაკრებზე 36:10 გამარჯვებით ინგლისის საგზური მოიპოვა.

მართალია, “ბორჯღალოსნებმა” მუდმივ მეტოქესთან – რუმინეთის ნაკრებთან ერთად ზედიზედ მეოთხედ შესძლეს მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება, ყველაფერი 15 მარტს გაირკვევა თბილისში, როდესაც ეს ორი გუნდი, ევროპული საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდება ერთმანეთს, რათა გამოავლინონ  2015 წლის მსოფლიო თასზე ვინ მოიხვეჭს ევროპა 1-ის და ევროპა 2-ს სტატუსს.

თუ საქართველო დაამარცხებს რუმინეთს, მაშინ “ბორჯღალოსნები” ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველადგილოსნები გახდებიან და შესაბამისად, მსოფლიო თასზე C ჯგუფში ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და აფრიკა 1-ის ნაკრების წინააღმდეგ იასპარეზებენ.

ახალ ზელანდიელი მილტონ ჰეიგის თქმით, რომელმაც საქართველოს ნაკრების სადავეები ორიოდ წლის წინ გადმოიბარა, ეს იქნება საუკეთესო შედეგი მისი გუნდისათვის.

ჰეიგმა განაცხადა: “გათამაშების დასრულებამდე ორი ტურით ადრე მსოფლიო თასის საგზურის მოპოვება გადასარევი რამ არის. ამით ერთ დასახულ მიზანს უკვე მივაღწიეთ, ახლა მეორე მიზნამდე მიღწევაღა დაგვრჩა, რომელიც მსოფლიო თასზე ახალი ზელანდიის ჯგუფში მოხვედრას გულისხმობს.

“ოლ ბლექსთან” თამაში ჩემი მორაგბეებისათვის საუკეთესო სარაგბო გამოცდილება იქნება, მაგრამ წინ ჯერ ესპანეთთან გასვლაზე გასამართი თამაშია და უკვე შემდეგ სახლში უნდა მივიღოთ რუმინეთი. მართალია, ინგლისში მივემგზავრებით, მაგრამ საქმე ამით არ დასრულებულა – მთავარია ცხრილში პირველი ადგილი დავიკავოთ“.

წინა და მიმდინარე სეზონში ჩატარებული რვა მატჩის შედეგად, მხოლოდ ქულათა სხვაობა ანცალკევებს საქართველოს (+160) რუმინეთისაგან (+130), რომელმაც მსოფლიო თასის საგზური ესპანეთთან 32:6 მოგების შემდეგ მოიპოვა.

55 000 გულშემატკივრით ზურგგამაგრებულმა საქართველოს ნაკრებმა ბრწყინვალედ დაიწყო მატჩი, მაგრამ მალე სტუმრების ფრთის მოთამაშემ ანდრეი ოტროკოვმა ქართველი 15 ნომრის მერაბ კვირიკაშვილის მიერ თავის 22-ში დარტყმული ბურთის დაფარება შესძლო და მე-11 წუთზე ლელო დადო. იური კუშნარიოვმა კი გარდასახა.

15 წუთის შემდეგ, “ბორჯღალოსნები” ანგარიშში წინ წავიდნენ, მას შემდეგ რაც ბურჯმა, დავით ზირაქაშვილმა აგორებული მოლიდან მძლავრად გადაუარა მოწინააღმდეგეს და ლელოში ბურთი დაამიწა. კვირიკაშვილმა ლელო გარდასახა და შესვენებამდე ანგარიში 10:7 გახადა.

მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებს დრო უქმად არ დაუკარგავს, რათა მათ და რუსებს შორის სხვაობა კიდევ უფრო გაზრდილიყო – ვიქტორ კოლელიშვილმა ოფლოუდიდან ბურთი მიიღო და ნაკრების ანგარიშზე მატჩის მეორე ლელო ჩაწერა. მალევე ლელო მამუკა გორგოძემ დადო და კვირიკაშვილის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 24:7 გახდა.

რუსეთის ნაკრების მგეზავმა იური კუშნარიოვმა დროებით შესძლო ქართველთა ტემპის დაგდება, როდესაც 55 წუთზე ჯარიმა გაიტანა მოწინააღმდეგის კარში, მაგრამ  იმ საღამოს ეს გახლდათ ბოლო რუსული ქულა “დინამო არენაზე”.

მერაბ კვირიკაშვილის მიერ დროულად გადაცემულმა ბურთმა, შეტევისათვის კარგი პლატფორმა შეუქმნა თედორე ზიბზიბაძეს, რომელმაც მარცხენა კუთხეში ბურთის დამიწებით პრემიალური ქულა შესძინა საქართველოს ნაკრებს. მატჩის ბოლო წუთზე, მთავარმა არბიტრმა, ალეკსანდრ რუისმა მძლავრად მოთამაშე ქართველების სასარგებლოდ ტექნიკური ლელო ჩათვალა”.

www.rugby.ge

0.067955