2015 წლის მსოფლიო თასის 48-ვე მატჩის ბილეთების დარეზერვება შემდეგ თვეში დაიწყება. სააპლიკაციო ფანჯარა 12-დან 29 სექტემბრამდე იმოქმედებს, რითაც ქომაგებს ერთ მილიონამდე ბილეთის შეძენის შესაძლებლობა მიეცემათ – ამიტომ უკვე ახლა უნდა დაიწყოთ მზადება!
იმისათვის, რომ 12 სექტემბრიდან ბილეთზე მოთხოვნა დააფიქსირონ, მსურველებმა უნდა შექმნან თავიანთი ანგარიში 2015 წლის მსოფლიო თასის ბილეთების გავრცელების ოფიციალური ვებგვერდის შემდეგ ბმულზე tickets.rugbyworldcup.com. მას შემდეგ რაც ანგარიშს შექმნით, თითოეულ ქომაგს თითო მატჩისათვის შეეძლებათ მაქსიმუმ ოთხი ბილეთის დარეზერვება.
გარდა ამისა არის 15 მატჩი, რომლისთვის ერთი აპლიკანტი 15 ბილეთის დარეზერვების მოთხოვნას შეძლებს. ეს მატჩებია: ტონგა-საქართველო, ირლანდია-კანადა, სამოა-აშშ, ავსტრალია-ფიჯი, საფრანგეთი-რუმინეთი, ახალი ზელანდია-ნამიბია, იტალია-კანადა, ავსტრალია-პლეოფის გამარჯვებული, ირლანდია-რუმინეთი, ახალი ზელანდია-საქართველო, რუმინეთი-კანადა, ფიჯი-პლეიოფის გამარჯვებული, საქართველო-ნამიბია, არგენტინა-ნამიბია და იაპონია-აშშ.
ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ოთხ საფასო კატეგორიაში. ბილეთების ფასები დაიწყება უფროსებისათვის 15 ფუნტიდან, ხოლო ბავშვებისათვის – 7 ფუნტიდან.
ბილეთები პირველივე მომთხოვნზე შესაძლოა არ გაიყიდოს. ბილეთები, რომელთა მოთხოვნა არსებულ ოდენობას გადააჭარბებს, გათამაშებაში მოხვდება. ეს წარმოადგენს საორგანიზაციო კომიტეტის პრიორიტეტს – იმისათვის, რათა ყველაზე მოთხოვნად მატჩებზე ბილეთების მიღების შესაძლებლობა აპლიკანტებს თანაბრად მიეცეთ.
იმისათვის, რომ შექმნათ ანგარიში, უბრალოდ გადადით ამ ბმულზე.
აპლიკანტებს შეეძლებათ განაცხადში შესწორებების შეტანა ან განაცხადის გაუქმება 29 სექტემბრის 18:00 საათმდე (თბილისის დროით 21 საათამდე), რის შემდეგ ისინი გაარკვევენ, თუ რომელი ბილეთების შეძენა შეეძლებათ ოქტომბერში.
www.rugby.ge