რაგბი

17:33 | 4.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

Rugbyworldcup.com: ევროპაში მსოფლიო თასზე მოხვედრისათვის ბრძოლა ახლდება
ევროპულ ზონაში 2015 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი თამაშების განახლებამდე ტურნირის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მომავალი ბატალიებისადმი მიძღვნილი სტატია გამოაქვეყნა, მისი თარგმანი კი საქართველოს რაგბის კავშირის საიტზე განთავსდა.
2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გათამაშების ფინალურ ეტაპზე გასვლისათვის ბრძოლა ამ კვირას ახლდება ევროპის ერთა თასის 2014 წლის გათამაშებით, რომელშიც ბელგია, საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი და რუსეთი მონაწილეობენ.
მარტში შესარჩევი ეტაპის დასრულებისთანავე, პირველ და მეორე ადგილოსანი ნაკრებები ევროპა 1-ის და ევროპა 2-ის სახით ფინალურ ეტაპზე გავლენ, ხოლო მესამეადგილოსანი გუნდი წელს რეპეშაჟის საწყის რაუნდში 1B დივიზიონის გამარჯვებულ, ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებს შეხვდება. 
მეორეს მხრივ, 1A დივიზიონში დიდი ბრძოლა გაჩაღდება ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად, ვინაიდან ცხრილის ბოლოადგილოსანს შემდეგ სეზონში 1B დივიზიონის გამარჯვებულისათვის ადგილის გაცვლა მოუწევს .
ამჟამინდელი მდგომარეობით, მოქმედი ჩემპიონი, საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასზე ევროპა 1-ის სახით გავა, სადაც C ჯგუფში ახალ ზელანდიას, არგენტინას, ტონგასა და აფრიკა 1-ს შეუერთდება. მათთვის ყველაზე ღირშესანიშნავი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან მატჩი იქნება, რომელიც კარდიფის "მილენიუმ სტადიონზე" 2 ოქტომბერს გაიმართება. 
რუმინეთის ნაკრები ამ დროისათვის ევროპა 2-ის პოზიციაზეა და თუ ტურნირის დასრულებისას იგივე პოზიციას შეინარჩუნებს, შესაბამისად D პულში საფრანგეთს, ირლანდიას, იტალიასა და კანადას დაუპირისპირდება.
გათამაშების პირველი რაუნდის შემდეგ, საქართველო და რუმინეთი 19-19 ქულით ლიდერობენ ჯგუფს - თითოეულმა გუნდმა ოთხი მატჩი მოიგო, ხოლო შარშან მარტში ბუქარესტში გამართული ურთიერთშეხვედრა ფრედ დაასრულეს. ხუთქულიანი ჩამორჩენით, რუსეთი ამ დროისათვის მესამე ადგილს იკავებს, პორტუგალიას კი ლიდერებთან 7 ქულიანი სხვაობა აშორებს. ბოლოში მყოფ ესპანეთს და ბელგიას თანაბარი რაოდენობის ქულები აქვთ.
 
შემოდგომის ტესტ-სერიის შემდეგ
ექვსივე გუნდს საკმაოდ დატვირთული ნოემბრის თვე ჰქონდა. ესპანეთმა ჩილე დაამარცხა 26-3, ხოლო ურუგვაისთან, რომელმაც თავის მხრივ მარტში აშშ-სთან ამერიკა 2-ის ვინაობის გამოსარკვევ მატჩში წააგო, მარცხი განიცადა.
ბელგიამ შინ გაიმარჯვა ტუნისთან 26-10, მაგრამ გასვლაზე ორი მარცხი იწვნია ჰონგ-კონგთან. პორტუგალიამ ასევე ერთი მატჩი მოიგო (ბრაზiლიასთან 68-0) და ორი შეხვედრა დათმო (ფიჯისთან 13:26 და კანადასთან 8:52).
საქართველომ და რუმინეთმა ნოემბრის ტესტებზე რეიტინგში მათზე მაღალ საფეხურზე მდგომ გუნდებს თავის ქალა მოხადეს. რუმინეთმა ტონგას და კანადას ბრწყინვალედ სძლია, მაგრამ ბოლო მატჩში ფიჯისთან დამარცხდა. 
"ბორჯღალოსნებმა" კანადას სძლიეს, დამარცხდნენ აშშ-სთან და ტესტ-სერიის უკანასკნელ შეხვედრაში სამოას, მსოფლიო რეიტინგში 8 საფეხურით უფრო მაღლა მდგომ გუნდს სძლიეს. 
წყნარ ოკეანელებზე ისტორიულმა გამარჯვებამ ხაზი გაუსვა იმ პროგრესს, რომელსაც ქართული რაგბი ბოლო წლებში განიცდის და როგორც rugbyworldcup.com-ს გიორგი ნიჟარაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა განუცხადა, ამის მიღწევა საზოგადოებრივი მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.
“რაგბი საქართველოში სწრაფად ფორმირდება, როგორც ყველაზე პოპულარული სპორტი და თქვენ ქუჩაში ნებისმიერ გამვლელს რომ ჰკითხოთ თუ რომელი გუნდით ამაყობენ, ყველაზე მეტად, უმეტესობა რაგბის ეროვნულ ნაკრებს დაასახელებს. "ბორჯღალოსნებმა" დაიმსახურეს სახალხო გუნდის წოდება. საქართველოში ყველამ იცის, რომ ისინი არაფერს დაზოგავენ და ბოლო წუთამდე იბრძოლებენ, რასაც ქართველი ქომაგი ნამდვილად აფასებს. 
“შესაბამისად, მთავრობის, IRB-ს, FIRA-AER-ისა და სპონსორების მხარდაჭერით, საქართველოში  რაგბი დიდი ტემპებით ვითარდება. ამ სახეობის განვითარებით, ჩვენ ყველანი ერთად კარგ საქმეს ვაკეთებთ და სწორედ ასეთმა ძალისხმევამ გამოიწვია უკანასკნელი წარმატებები”. 
 
რუსული ოპტიმიზმი
მესამეადგილოსანი რუსეთი ნოემბერში გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, სადაც ნეიტრალურ მოედანზე იაპონიასა და აშშ-ს ეთამაშა. ორივე ტესტის დათმობის მიუხედავად, რუსეთის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს ჰოვარდ თომასს სჯერა, რომ ოპტიმიზმი არცთუ უადგილოა და ბრძოლა ევროპიდან ავტომატურად მსოფლიო თასზე გასასვლელად ჯერ კიდევ არ დასრულებულა.
“ტოტალიზატორების აზრით, ჩვენ რეპეშაჟის სახით გადათამაშებაში მოვხვდებით, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ავტომატურად გასვლას ვერ შევძლებთ. ყველას გვჯერა, რომ ამას შევძლებთ. თუ ვერ მოვახერხებთ ევროპა 1-ის ან 2-ის სახით ჯგუფიდან გასვლას, მაშინ კიდევ გვრჩება შანსი მესამე ადგილზე დავასრულოთ ჯგუფი და 2015 წლის მსოფლიო თასზე გადათამაშებით გავიდეთ. 
რუმინეთის ნაკრების შინ მიღება დიდ რამეს ნიშნავს ჩვენთვის. შარშან ბუქარესტში ძალიან ახლოს ვიყავით გამარჯვებასთან, მატჩის ბოლო 10 წუთს თუ არ ჩავთვლით. მსოფლიო თასის შესარჩევისათვის ბევრად უფრო ძლიერ გუნდს მოვუყარეთ თავი. 
საქართველოს და რუმინეთს მსოფლიო კლასის მორკინალები ყავთ, მაგრამ ამიერიდან მათგან პირნათლად წალეკვის აღარ გვეშინია. ორივე გუნდი ისეთ ფიზიკურ დაპირისპირებას სთავაზობს მოწინააღმდეგეს, რომლის მსგავსსაც არც თუ ისე ბევრი ქვეყანა ახერხებს, მაგრამ ჩვენ ამას უკვე მივეჩვიეთ, რადგან ამ გუნდებს ყოველწლიურად ვეთამაშებით.
2013 წელს, როდესაც საქართველოსთან დავმარცხდით, ყველა, ქართველების ჩათვლითაც აღნიშნავდა, რომ ჩვენ უკეთესი გუნდი ვიყავით. შვიდი გამოსაყენებელი ჯარიმა ვერ გავიტანეთ, რამაც ჩვენზე იმოქმედა. აქედან გამომდინარე, თუ ასე თამაში გავაგრძელეთ და შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენეთ, ყველაფერი შესაძლებელია მოხდეს".
0.161034