“რომას” მთავარი მწვრთნელი რუდი გარსია დარწმუნებულია, რომ მისი გუნდის ცენტრალური მცველი მეჰდი ბენატია მომდევნო სეზონშიც “ჯალოროსიში” ითამაშებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის მაროკოელი უკანახაზელის შეძენით დაინტერესებულნი “ბარსელონა” და “მანჩესტერ სიტი” არიან, მაგრამ როგორც ირკვევა, “რომა” ბენატიას გაშვებას არ აპირებს.
“იმედი მაქვს, გუნდის წამყვანი მოთამაშეების შენარჩუნებას მოვახერხებთ. მირალემ პიანიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება იმის სიგნალია, რომ გუნდის ბირთვის შენარჩუნებას და მის გაძლიერებას ვგეგმავთ.
მეჰდი ბენატიას ჩვენთან კონტრაქტი კიდევ 4 წლით აკავშირებს და მას წასვლის არანაირი შანსი არ აქვს. ასე რომ, ეს ფეხბურთელი “რომაში” მომდევნო სეზონშიც ითამაშებს. ის ფაქტი, რომ მისი შეძენით სხვა გუნდები დაინტერესდნენ, სეზონის კარგად ჩატარების შედეგია.
მომდევნო სეზონისთვის სახელფასო ფონდის გაზრდას არ ვაპირებთ, მაგრამ არც ფეხბურთელებს გავყიდით. საკმარისი ფული უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ “იუვენტუსს” კონკურენცია გავუწიოთ და ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოვიდეთ.” – ციტირებს გარსიას სიტყვებს L’Equipe.