ავტოსპორტი

21:43 | 5.06.2010 | ნანახია [] - ჯერ

როსიმ ფეხი მოიტეხა და ორ თვეს გამოტოვებს

მსოფლიოს 9-გზის ჩემპიონმა წრიულ მოტორბოლებში, იტალიელმა ვალენტინო როსიმ ფეხი მოიტეხა და ყველაზე ცოტა, 2 თვე ვერ შეძლებს რბოლებში მონაწილეობას. საბედისწერო ინციდენტი მას მუჯელოს ავტოდრომზე, იტალიის დიდი პრიზის თავისუფალი ვარჯიშის დროს შეემთხვა.
პრაქტიკის დასრულებამდე 15 წუთით ადრე, ”იამაჰას” 31 წლის იტალიელი მრბოლი მე-3 უსწრაფესი იყო. მაგრამ ერთ-ერთ მოსახვევში შესვლისას, მოტოციკლი ვერ დაიმორჩილა და დაეცა. როსის წამოდგომა გაუჭირდა და იქვე ჩაიკეცა. მას სასწრაფოდ აღმოუჩინეს პირველი დახმარება და ადგილობრივ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, სადაც დადგინდა, რომ მოტომრბოლს მარჯვენა წვივის ორივე ძვლის მოტეხილობა აქვს. ამასთან, მცირე ძვალზე ღია მოტეხილობა დაფიქსირდა, მოტეხილმა ძვალმა კი, რბილი ქსოვილი დააზიანა.
პირველი გასინჯვის შემდეგ, როსი ქალაქ მუჯელოს ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, რომლის დროსაც, ძვლების მოტეხილობა დაუფიქსირეს. ექიმებმა განაცხადეს, რომ მოტეხილობისა და რბილი ქსოვილის შესახორცებლად, დაახლოებით, 2 თვე იქნება საჭირო. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ როსი სარბოლ ტრასას ამ ვადაში დაუბრუნდება. შეხორცების შემდეგ, მას სარეაბილიტაციო კურსის გავლა მოუწევს, რის გამოც, შესაძლოა, მან ამ სეზონში დაბრუნებაც კი ვერ შეძლოს.
”სრულიად მშვიდად ვარ. ექიმები თავის საქმეს გააკეთებენ და მერე ვნახოთ”, - განაცხადა როსიმ, ვინც იტალიური რბოლის წინ, ეგრეთ წოდებული მოჰიკანური (ინდიელთა ტომია ამერიკაში) ვარცხნილობით გააკვირვა თავისი მრავალრიცხოვანი ქომაგი.
აღსანიშნავია, რომ ტრავმის გამო, როსის მსოფლიოს ჩემპიონატის რბოლების გამოტოვება პირველად მოუწევს. ამ ეტაპზე, დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ როსი ბრიტანეთის, ჰოლანდიის, კატალონიისა და აშშ-ის დიდ პრიზებს გამოტოვებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის უკვე ვერ შეძლებს შარშან მოპოვებული მე-9 ტიტულის (პირველი სამი 125, 250 და 500 კლასებში აქვს მოგებული) დაცვას.
მიმდინარე ჩემპიონატში, პირველი 3 ეტაპის შემდეგ, იტალიურ ეტაპამდე, როსი მე-2 ადგილზე იმყოფებოდა და თავის ლიდერ თანაგუნდელს, ესპანელ ხორხე ლორენსოს 9 ქულით ჩამორჩებოდა.
სხვათა შორის, ამ სეზონში როსისთვის ეს პირველი ტრავმა არაა. უფრო ადრე, მან მხრის ტრავმა მიიღო, რომლის გამოც, რბოლებში თავის შესაძლებლობათა სრულად გამოვლენას ვერ ახერხებდა. როგორც ჩანს, სწორედ ეს იყო იმის მიზეზი, რომ როსის მდევრის როლში ყოფნა უწევდა.

მოამზადა მერაბ ლორთქიფანიძემ
http://formula1ge.blogspot.com/
0.142303