ფლორენციის “ფიორენტინას” ხელმძღვანელობა შიშობს, რომ თავდამსხმელი ჯუზეპე როსი ჯვარედინი მყესების დაზიანების გამო გუნდს, შესაძლოა, კვლავ დიდი ხნით გამოაკლდეს.
“ლივორნოს” ფეხბურთელ ლეანდრო რინაუდოსთან შეჯახების შემდეგ როსიმ კვლავ გაიჭიმა ჯვარედინი მყესები. ხვალ სრულფასოვანი გამოკვლევის ჩატარებაა დანიშნული, თუმცა ამ ეტაპზე სიტუაცია დამაიმედებლად არ გამოიყურება” - წერია კლუბის ოფიციალურ საიტზე.
შეგახსენებთ, რომ როსის მყესების გაწყვეტის გამო ორი წელიწადი გაუცდა და რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა.
“ძალიან აღელვებულები ვართ და თამაშზე საუბარიც კი არ გვსურს. რინაუდომ ბოდიშიც არ მოიხადა და მსაჯს უღირსად ეკამათებოდა. ძალიან ბევრს ვეტყოდი ახლა მე მას. უმჯობესი იქნება, თუკი ის გამეორებას ნახავს და საკუთარ საქციელზე დაფიქრდება” - განაცხადა ნამატჩევს Sky Sport Italia-ს პირდაპირ ეთერში “ფიორენტინას” მფლობელმა ანდრეა დელა ვალემ.
როსიმ სერია A-ს 18 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზეა.