კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტი სანდრო როსელი ჟურნალისტებთან რამდენიმე საინტერესო საკითხზე საუბრობს. მათ შორისაა კატალონიის დამოუკიდებლობა, ახალი სტადიონი, ასევე სუბისარეტას, მესისა და ინიესტას კონტრაქტები.
“რომელ ჩემპიონატში ვითამაშებთ, თუ კატალონია დამოუკიდებლობას გამოაცხადებს? ამ მდგომარეობას “მონაკოსა” და საფრანგეთის ჩემპიონატის სიტუაციას შევადარებდი.”
“სტადიონთან დაკავშირებით 3 ვარიანტი გვაქვს – არაფერი შევცვალოთ, გავზარდოთ “კამპ ნოუს” ტევადობა და ავაშენოთ ახალი სტადიონი. თუ ხმის მიცემის უფლების მქონე პირი ეგოისტი არ იქნება, ის ახალ არენას აირჩევს.”
“იმოქმედა თუ არა კრიშტიანუ რონალდუს მიერ კონტრაქტის გახანგრძლივებამ ლიონელ მესიზე? ჩვენ არაფერი გვსმენია. ლიონელი კლუბში ბედნიერია.”
“ანდრეს ინიესტას კონტრაქტთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ არსებობს. მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება რთული არ იქნება, რადგან ეს ორივე მხარის მიზანია.”
“ანდონი სუბისარეტასთან ახალი კონტრაქტის გაფორმება გვსურს. ის შესანიშნავი პროფესიონალი, პატიოსანი და შრომისმოყვარე ადამიანია. სუბისარეტა კლუბში მუშაობას განაგრძობს.”