მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ, შესაძლოა, 3-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯოს. ამის მიზეზი “ბილბაოსთან” გამართულ მატჩში მომხდარია.
ბასკეთში გამართული შეხვედრის (1:1) 75-ე წუთზე, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა წითელი ბარათი მეტოქისთვის სახეში ხელის დარტყმისთვის მიიღო, ხოლო გასახდელისკენ მიმავალმა პორტუგალიელმა თავი მე-4 არბიტრის შეურაცხმყოფელი ჟესტითაც გამოიჩინა.
“75-ე წუთზე, ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მეტოქისთვის სახეში ხელის დარტყმისთვის გაძევებულ იქნა. მოედნის დატოვების დროს, მან შუბლში ხელი რამდენჯერმე დაირტყა და ამ ჟესტის დემონსტრაცია მე-4 არბიტრის თვალწინ გააკეთა.” – ვკითხულობთ შეხვედრის მთავარი მსაჯის მატჩისშემდეგომ ანგარიშში.
თუ რონალდუს მსაჯის შეურაცხყოფა დაუმტკიცდა, მას 3-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ელის. ასეთ შემთხვევაში, პორტუგალიელი “ვილიარეალთან”, “ელჩესთან” და “ხეტაფესთან” ლა ლიგაში გასამართ დაპირისპირებებს გამოტოვებს.