ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი კრიშტიანუ რონალდუს დასჯის საკითხს არ განიხილავს. სამაგიეროდ, შესაძლოა, დისკვალიფიკაციას სერხიო რამოსი ვერ ასცდეს.
“ბარსელონასა” და “რეალს” შორის გამართულ მატჩში, კატალონიელთა მიერ მე-2 გოლის გატანის შემდეგ, რონალდუმ არბიტრის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და უნდიანო მალიენკო უხამსი სიტყვებითაც მოიხსენია, რის გამოც, არბიტრისგან ყვითელი ბარათი დაიმსახურა. ესპანურ ფეხბურთში მოქმედი წესების თანახმად, რაც არ უნდა უხეში იყოს წესების დარღვევა და რაც არ უნდა ნათლად ჩანდეს ის ვიდეოფირზე, თუ დარღვევა არბიტრის მატჩისშემდგომ მოხსენებაში არ დაფიქსირდა, ის განხილვის საგანი არ ხდება. მადრიდული AS-ის ცნობით, მალიენკომ რონალდუს მიერ მისთვის შეურაცხყოფის მიყენება თამაშის ოქმში არ დააფიქსირა და შესაბამისად, ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი პორტუგალიის წინააღმდეგ საქმეს არ აღძრავს.
თუ რონალდუ სასჯელს გადაურჩა, შესაძლოა, დისციპლინარული სახდელი არ ასცდეს სერხიო რამოსს, რომელმაც “კლასიკოს” შემდეგ უკმაყოფილება ხმამაღლა გამოხატა. ჟურნალისტებთან საუბრისას, რამოსმა შემდეგი განაცხადა: “არსებობს რაღაც, რასთან ბრძოლაც შეუძლებელია. აშკარა თერთმეტმეტრიანი იყო როგორც ადრიანოს მიერ ხელით თამაშის, ასევე კრიშტიანუ რონალდუს წაქცევის დროს.”