მადრიდის “რეალის” ლიდერმა, კრიშტიანუ რონალდუმ, საკუთარ 29-ე დაბადების დღეზე, უსიამოვნო ამბავი შეიტყო – ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, პორტუგალიელი ვარსკვლავი ლა ლიგის მომდევნო 3 მატჩს გამოტოვებს.
პრიმერას გასულ ტურში, “ბილბაოსთან” გამართულ მატჩში, რონალდუმ იტურასპეს სახეში ხელი ჩაარტყა, რის გამოც ის წითელი ბარათითა და ერთმატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა. მოედნიდან გასვლის დროს, პორტუგალიელმა სახეზე ხელი რამდენჯერმე მიირტყა, რაც დამხმარე არბიტრის შეურაცხმყოფელ ჟესტად შეფასდა და “ოქროს ბურთის” მფლობელს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია დაემატა.
ამრიგად, რონალდუ “ვილიარეალთან”, “ხეტაფესთან” და “ელჩესთან” გასამართ თამაშებს გამოტოვებს. ის გუნდს “ატლეტიკოსთან” ჩემპიონატის მატჩში დაუბრუნდება. რაც შეეხება ესპანეთის თასზე “ატლეტიკოსთან” გასამართ შეხვედრებს, პორტუგალიელს ამ მატჩებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს.