”ატლეტიკო მინეიროს” ნახევარმცველი რონალდინიო ურუგვაის El País-ის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შემდეგ სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ბრაზილიელ ვარსკვლავს ხმა 156-მა ჟურნალისტმა მისცა, მეორე ადგილზე გასულ ნეიმარს კი მხოლოდ 81-მა მასმედიელმა დაუჭირა მხარი.
მესამეზე არგენტინის ნაკრებისა და ”ნიუელს ოლდ ბოისის” შუახაზელი მაქსი როდრიგესი გავიდა. იგი მხოლოდ 2 ხმით ჩამორჩა ”ბარსელონას” ბრაზილიელ ფორვარდს. შეგახსენებთ, 2011 და 2012 წლებში სამხრეთ ამერიკის უძლიერესი ფეხბურთელი ნეიმარი გახდა.
ამასობაში, თურქული მედია ირწმუნება, რომ შესაძლოა რონალდინიო ”ბეშიქთაშის” წევრი გახდეს. სტამბოლელთა წარმომადგენლები ამჟამად ბრაზილიაში იმყოფებიან და ფეხბურთელსა და მის პირად აგენტთან მოლაპარაკებას აწარმოებენ. ამბობენ, რონალდინიოსთან ორწლიანი კონტრაქტის ყველა წვრილმანი თითქმის შეთანხმებულია, ხოლო ”კიჭას” სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონი ევრო იქნებაო...