რომის “მასტერზ1000”-ზე ნახევარფინალისტები დაწყვილდნენ. სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი ფინალში გასასვლელად კანადელ მილოშ რაონიჩს შეხვდება, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი რაფა ნადალი კი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს დაუპირისპირდება.
ნოვაკ ჯოკოვიჩმა მეოთხედფინალში ესპანელ დავიდ ფერერს 7:5, 4:6, 6:3 მოუგო, მატჩის დასრულების შემდეგ კი განაცხადა: “მიმდინარე საგრუნტო სეზონში ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მძიმე შეხვედრა ჩავატარე. დავიდი ნამდვილი მებრძოლია, ამიტომაც მოგებით კმაყოფილი ვარ. ფერერს ნადალის შემდეგ გრუნტისსაფარიან კორტზე საუკეთესო სტატისტიკა აქვს, ამიტომაც მასთან წარმატებული თამაში მეტ თავდაჯერებულობას მომიტანს”.
კვლავ სამსეტიანი მატჩი ჩაატარა რაფა ნადალმა. მალიორკელმა პირველი სეტი 1:6 დათმო, მეორეში 6:3 იმარჯვა, მესამე პარტიაში მარეი საკუთარ მოწოდებაზე 4:2-ს იგებდა, მაგრამ ნადალმა ანგარიში გააყაიმა 4:4. გადამწყვეტი 11-ე გეიმი გამოდგა – რაფამ ჯერ მეტოქის მოწოდება მოიგო, შემდეგ საკუთარი და სეტი 7:5 მოიგო.