კვირას, 17 ოქტომბერს, "რომპეტროლის სეზონი 2010"-ის ფარგლებში, მცხეთაში, პროფესიონალებისათვის და მოყვარულთათვის წყვილთა შორის საავტომობილო რბოლა გაიმართება.
საავტომობილო ფედერაციის ინფორმაციით, რბოლა მცხეთაში, ამფითეატრის ტერიტორიაზე 11.00 საათზე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც პროფესიონალი ავტომრბოლები, ისე მოყვარულები, რომლებსაც უკვე გააჩნიათ საავტომობილო ფედერაციის მიერ გაცემული ლიცენზია.
„პროფესიონალ ავტომრბოლელთა რეგისტრაცია უკვე მიმდინარეობს საავტომობილო ფედერაციაში, ხოლო მოყვარულებს, რომლებსაც ჩვენს მიერ გაცემული ლიცენზია გააჩნიათ, რეგიტრაციის გავლა ადგილზე, უშუალოდ რბოლის წინ შეეძლებათ“, –აცხადებს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი მევლუდ მელაძე.
საპრიზო ფონდს მთლანად გენერალური სპონსორის, „რომპეტროლ საქართველოს“ მიერ გამოყოფილი ერთი ტონა საწვავი შეადგენს. პროფესიონალებსა და მოყვარულებს შორის საწვავი თანაბრად გადანაწილდება და მრბოლელები მას საპრიზო კატეგორიების მიხედვით მიიღებენ.
„რომპეტროლ საქართველო“ ავტოსპორტის აქტიური მხარდამჭერია და უკვე 3 წელია ეხმარება საავტომობილო ფედერაციას სპორტის ამ ახეობის აღორძინებაში. მის განვითარებაში „რომპეტროლს“ დიდი წვლილი აქვს შეტანილი, ხოლო მრბოლელთა წარმატებები სტიმულს გვაძლევს, რომ მოყვარულებსაც მივცეთ საშუალება მონაწილეობა მიიღონ ისეთი ტიპის რბოლებში, როგორიც კვირას მცხეთაში გაიმართება. სპეციალურად ამ ღონიძიების საპრიზო ფონდისთვის „რომპეტროლმა“ 1 ტონა საწვავი გამოყო“, – აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ გენერალური დირექტორი ალექსანდრე ალბინი.
2008 წლიდან ავტოსპორტის გენერალური სპონსორი „რომპეტროლ საქართველოა“. კომპანია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს საწვავით მრბოლელებს, ასაჩუქრებს გამარჯვებულებს და ტრადიციად აქცია მათი წარმატებების შეჯამება გალა-დაჯილდოვების ცერემონიაზე, რომელიც ყოველი ახალი ეტაპის დაწყებამდე ტარდება.







