საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამკვირიანი იაპონური შეკრების შემდეგ ერთი კვირა საქართველოში ივარჯიშა და გუშინ, მორიგი ერთობლივი შეკრების გასავლელად იტალიაში გაემგზავრა. ეროვნული გუნდის ავსტრიელმა თავკაცმა პეტერ ზაიზენბახერმა ამჯერად თან 15 შეგირდი იახლა.
იაპონიაში ნამყოფ შემადგენლობას გამოაკლდა მძიმეწონოსანი ლაშა გუჯეჯიანი. საქართველოს ძიუდოს ფედერაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მან შეკრებაზე ნეკნის ტრავმა მიიღო და სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ახერხებს.
60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ზაიზენბახერმა არჩევანი ამირან პაპინაშვილსა და ბეთქილ შუკვანზე შეაჩერა, 66 კილოგრამში რომაულ ტატამზე შალვა ქარდავა და დავით ასუმბანი გავლენ, 73-ში – ნუგზარ ტატალაშვილი და თენგიზ პაპოშვილი, 81-ში – ავთანდილ ჭრიკიშვილი, ლევან წიკლაური და გიორგი ბაინდურაშვილი, 90-ში – ვარლამ ლიპარტელიანი და ზვიად გოგოჭური, 100-ში – ლევან ჟორჟოლიანი და ირაკლი ცირეკიძე, +100-ში – ზვიად ხანჯალიაშვილი და ადამ ოქრუაშვილი.
ყველაზე საინტერესო, შემადგენლობაში ირაკლი ცირეკიძის გამოჩენაა. ნაკრების ყველაზე ტიტულოვანი წევრი ავსტრიელმა სპეციალისტმა დაახლოებით თვენახევრის წინ გუნდს დისციპლინის დარღვევისთვის ჩამოაცილა. მაშინ ზაიზენბახერმა “მსოფლიო სპორტს” უთხრა, რომ ცირეკიძეს გაფართოებულ შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშის უფლებას მხოლოდ დასკვნით შეკრებაზე მისცემდა და თუ ძიუდოისტი საკონტროლო შეხვედრებში დაამტკიცებდა, რომ შიდა კონკურენციაში გამორჩეულია, მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადშიც შეიყვანდა.
იაპონური შეკრების მიღმა დატოვებული ოლიმპიური ჩემპიონი თბილისში ემზადებოდა, ნაკრების სხვა კანდიდატებთან ერთად და როგორც ჩანს, სასჯელის შემსუბუქების ერთ-ერთი საბაბი ეს მონდომებაც გახდა.
ასევე საინტერესოა იტალიურ განაცხადში გიორგი ბაინდურაშვილის გამოჩენაც. ხოლო დავით ასუმბანის ერთი წონითი კატეგორიით მაღლა აწევა ახალი ამბავი უკვე აღარაა. 66 კილოგრამში მსოფლიოს პირველობაზე, სავარაუდოდ, სწორედ მას და შალვა ქარდავას მოუწევთ ჭიდაობა.
იტალიურ შეკრებაში მასპინძელთა და საქართველოს ნაკრების გარდა, კიდევ რამდენიმე ქვეყნის ეროვნული გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის საბერძნეთი.
ზაიზენბახერის გუნდი თბილისში 12 აგვისტოს დაბრუნდება და ერთი კვირით დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე დაბანაკდება. მსოფლიოს პირველობაზე დასაყენებელი შემადგენლობის დასახელებამდე, მწვრთნელმა შეიძლება საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატაროს.
შეგახსენებთ, მსოფლიოს ჩემპიონატი 23-28 აგვისტოს პარიზში გაიმართება და საქართველოს ნაკრებს თითო წონით კატეგორიაში ორი ძიუდოისტით გამოსვლის უფლება ექნება. გამოიყენებს თუ არა ამ ქვოტას სრულად, მხოლოდ პეტერ ზაიზენბახერმა იცის.
ოთარ მაღლაკელიძე







