- ექვსი თამაშიდან ექვსივე მოგება – ასეთ შედეგზე ნებისმიერი დიდი გუნდი იოცნებებდა, სენიორ ჯანკარლო. თქვენ კი, რატომღაც, მაინც ვერ ხართ ხასიათზე. ადრე, “რომა” როდესაც იგებდა, ეს თქვენს სახეზე იკითხებოდა. ახლა კი რა მოხდა?
- როგორც ჩემი ცოლი იტყოდა, ეს სიხარული ზაფრვაა, ჩემო ბატონო. ასეთი ზაფრვა იმ ხალხს ემართება, რომელიც დიდ და დაუჯერებელ წარმატებას არ ელის და ყოველი ახალი სიხარულის შემდეგ, შოკი ემართება.
- როგორ? თქვენ არ გჯეროდათ “რომას” წარმატების? განა, თქვენ არ იყავით ის კაცი, რომელიც გამუდმებით ქადაგებდა, რომ აუცილებლად დადგებოდა “რომას” დრო და აუცილებლად აღზევდებოდნენ “მგლები”... განა, თქვენ არ იყავით ის, ვინც ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, “ლაციოს” ლამის მთელი ტიფოზერია გალახა და პოლიციაში ღირსეულად შეაბიჯა სიტყვებით: “მე ვამაყობ, ასეთი “ომის” შემდეგ რომ მაპატიმრებენ!”. სენიორ ჯანკარლო, ვერ ვხვდები თქვენს ახლანდელ განწყობას...
- სიხარული უცნაური გრძნობაა, ჩემო მეგობარო. სიხარულს შეუძლია არა მხოლოდ გაახალისოს, არამედ, დათრგუნოს კიდეც ადამიანი. მაგალითად, სულწაწყმედილი “დუჩეს” მმართელობის დროს, როდესაც ჩვენმა ჯარმა აფრიკის ქვეყნები დაიკავა, ცხნონებული მამაჩემი ამით თან გახარებულიც იყო და თან შეეშინდა კიდეც. იცოდა, ეს თავხედობა დაუსჯელი რომ არ დარჩებოდა ინგლისელებისა და ამერიკელებისაგან. ჰოდა, ასრულდა კიდეც მისი შიში. იმედია, ჩემი შიში უსაფუძვლოა, მაგრამ აიტანენ კი, ”იუვენტუსი”, “ინტერი” და მათი მსგავსნი “რომას” პირველადგილოსნობას?! ყოველ წამს უნდა ველოდოთ უდროო დროს ”ფეხის დადებას”, ჩემო მეგობარო. მე უკვე ყურში ჩამესმის იატაკქვეშა ჩურჩულები და ვიცი, რომ დიდი და ვერაგი გეგმები მუშავდება ჩვენს წინააღმდეგ. ო, წმინდაო პეტრე, შენ დაეხმარე ამ ბრძოლაში მუსიე რუდი გარსიას!
- მაინც ვერ ვხვდები კონკრეტულად რას გულისხმიბთ ამ “იატაკქვეშა საუბრებში?” გეშინიათ, რომ მავანნი, “რომას” აკრძალული წესებით დაუწყებენ ბრძოლას?
- რატომ გიკვირთ, ბატონოჩემო?! განა, სულ ასე არ იყო? განა, მე ვარ პირველი, ვისი გულიც შეძრულია მრავალი უსამართლობით და ჩაგვრით? განა, თქვენ არ გსმენიათ, ჩაგრულ ტოსკანელთა, ან ფრიულელთა ოხვრა?! სამწუხაროდ, ჩვენს ფეხბურთში ჯერ კიდევ ბევრი ავისმქმნელი აფათურებს ხელს და ჩემი შიშებიც აქედან მომდინარეობს.
- იმედია, არ მიწყენთ, სენიორ ჯანკარლო, მაგრამ უცხო ადამიანმა თქვენი საუბარი რომ მოისმინოს, შეიძლება იფიქროს, რომ წინასწარ იზღვევთ თავს და თუკი, “რომა” სატურნირო ცხრილში პირველ საფეხურს დაკარგავს, ამ ფაქტს მსწრაფლივ ავის მოსურნეებს გადააბრალებთ. მე კი მჯერა თქვენი და არც თქვენს გულრწფელობაში მეპარება ეჭვი, მაგრამ იმის აღიარებაც გვმართებს, რომ თუკი, ყველამ თქვენი თეორია გაიზიარა, მაშინ ნებისიერი დამარცხებული გუნდის ქომაგი, მარცხის გამართლებას ასეთი მარტივი გზით შეეცდება.
- ღრმად სცდებით, ჩემო მეგობარო. რასაც მე ვამბობ, თეორია არ გახლავთ. ესაა ის სამწუხარო რეალობა, რაშიც დღეს ჩვენ გვიწევს ცხოვრება და დაინახავთ თუ არა, ამ რეალობას – თქვენი პირადი საქმეა. ისე, არ დაგიმალავთ და ცოტა კიდეც მეწყინა, ჩემი სიტყვები სხვაგვარად რომ გაიგეთ. თქვენს ნათქვამში, ვგონებ, ცოტაოდენი ირონიაც კი დავიჭირე.
- არა, რას ბრძანებთ, მე მხოლოდ...
- კარგად ბრძანდებოდეთ.
- ჩაო სენიორ ჯანკარლო. იმედია, ჩვენი შემდგომი შეხვედრის დროს, უფრო თბილი საუბარი გვექნება...