კალათბურთი

17:23 | 8.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ქართული საკალათბურთო სამყარო მეტ თავისუფლებას ითხოვს

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებმა (ბესიკ ლიპარტელიანი, მერაბ რატიშვილი, გივი ბიჭიაშვილი, პაატა გურასპაული, ნოდარ ქორქია, გიორგი ქართველიშვილი, ვალერი ლომაძე), 8 ნოემბერს, თბილისის საკალათბურთო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ კავშირებთან მორიგი შეხვედრა გამართეს, რომელსაც თბილისის სასტუმრო “რედისონ ბლუმ” უმასპინძლა.

მართალია, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თარიღი (11 დეკემბერი) გაირკვა, მაგრამ ჯერჯერობით უცნობია ის წესდება, რომლითაც აღნიშნულ არჩევნებში უნდა იხელმძღვანელონ. ფედერაციის წესდებასთან და დღის წესრიგთან დაკავშირებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ შეხვედრები ვეტერან ქართველ კალათბურთელებთან (თბილისი, 4 ოქტომბერი), ვეტერან და მოქმედ მსაჯებთან, კომისრებთან, მსაჯ-მდივნებთან (თბილისი, 11 ოქტომბერი), დასავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებთან (ქუთაისი, 16 ოქტომბერი), აღმოსავლეთ საქართველოს საკალათბურთო წრეებთან (რუსთავი, 22 ოქტომბერი), თბილისის საკალათბურთო კლუბებთან და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებთან (თბილისი, 4 ნოემბერი) უკვე გამართა. გამგეობა დასკვნით შეხვედრას თბილისის მოქმედ და ვეტერან მწვრთნელებთან ჩაატარებს, რომელიც 13 ნოემბერს, თბილისში გაიმართება.

8 ნოემბერს, თბილისის საკალთბურთო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და პროფესიულ კავშირებთან შეხვედრა, კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა გახსნა: “გამგეობა აგრძელებს შეხვედრებს საკალათბურთო წრეებთან ფედერაციის წესდებისა და ყრილობის მონაწილე დელეგატების ქვოტირებასთან დაკავშირებით. თქვენი მოსაზრებები ჩანიშნული იქნება და გამგეობა განიხილავს”.

რატიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სიტყვით გამოვიდნენ:

ბესიკ ლიპარტელიანი (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): “ორი თვის განმავლობაში, განხილვის მიზნით, კალათბურთის ფედერაციის საიტზე იდო საქართველოს კალათბურთის ფედერაციის წესდება. მხოლოდ “კალათბურთელთა კავშირი” გამოგვეხმაურა, რომელსაც 10 შენიშვნა ჰქონდა. აქედან, ორ საკითხზე ვერ შევთანხმდით, ხოლო 8 გავიზიარეთ. ძველი წესდება არაკანონიერი რომ ყოფილიყო, იუსტიციის სამინისტრო რეგისტრაციაში არ გაატარებდა. საკალათბურთო სამყაროს ორად გახლეჩვა, მთლიანად “კალათბურთის კავშირისა” და მისი ლიდერის, მიხეილ ახვლედიანის ბრალია. ამ საქმეში უშუალოდ არის ჩარეული საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო. “კალათბურთელთა კავშირი” მისი მითითებით მოქმედებს. ამის თქმის საბაბს მაძლევს სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილები, სადაც კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მხოლოდ “კალათბურთელთა კავშირთან” ვითანამშრომლოთ და არა სხვა, რომელიმე ორგანიზაციასთან. გამგეობა ბოლო შეხვედრებს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სეოკთან (საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) გამართავს. კალათბურთის ფედერაცია კანონის სრული დაცვით მოქმედებს და ასევე გააგრძელებს...”.

ვახტანგ ნაცვლიშვილი (ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, თბილისის “დინამოს” პრეზიდენტი): “კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში, 8 წლის განმავლობაში, ერთი კანდიდატი იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, წინა არჩევნებისგან განსხვავებით, წლევანდელი არჩევნები დაძაბულია, რადგან ერთის ნაცვლად, ჯერჯერობით, პრეზიდენტობის 4 კანდიდატია და გამორიცხული არაა, მათი რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. სასურველია, ერთხელდ და სამუდამოდ მივიღოთ ისეთი წესდება, რომელიც სადავო არ იქნება. საპრეზიდენო არჩევნების ჩატარების თარიღამდე ორი კვირით ადრე უნდა შეწყდეს პრეზიდენტობის მსურველთა კანდიდატების განაცხადების მიღება. კარგი იქნება, თუ ფიბა-დან მოვიწვევთ სპეციალისტს, რომელიც დააკვირდება წესდების მიღებისა და არჩევნების ჩატარების პროცესს...”.

ზაზა გაბისონია (ვეტერანი კალათბურთელი, მწვრთნელი): “საკალათბურთო სივრცე უნდა იყოს თავისუფალი. რა დააშავეს რეგიონალურმა ფედერაციებმა, რომლებსაც ისეთი დაფინანსება არ აქვთ, როგორიც დედაქალაქის წარმომადგენლებს. კლუბებსა და რეგიონის ფედერაციებს თანაბარი ხმები უნდა ჰქონდეთ...”.

თემურ დათიკაშვილი (საკალათბურთო კლუბ “ვითას” ერთ-ერთი დამფუძნებელი): “შეწყდეს დაპირისპირება, რომელიც ქართული კალათბურთის სირცხვილია. ახლა ინერციით მიდის სახელმწიფოს მიერ კალათბურთის დაფინანსება, რასაც მომავალში აღარ გააგრძელებს. მოვიზიდოთ სპონსორები, რომლებიც კალათბურთს მიხედავენ...”.

მათ გარდა, სიტყვით გამოვიდნენ: კახა შენგელია (ვეტერანი კალათბურთელი, პრეზიდენტობის კანდიდატი), მიხეილ გაბრიჩიძე (ვეტერანი კალათბურთელი, პრეზიდენტობის კანდიდატი), ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (ვეტერანი კალათბურთელი, მწვრთნელი), როლანდ ხომერიკი (ფიბას ვეტერანი მსაჯი), ვაჟა ჟღენტი (ვეტერანი კალათბურთელი), მანანა მოსულიშვილი (მსაჯი-მდივანი)... 

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.384347