ჩოგბურთი

16:31 | 27.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

"როლან გაროსზე" მოულოდნელობები გრძელდება

საფრანგეთის ღია ჩემპიონატის პირველ რაუნდში მოულოდნელობები გრძელდება. სტანისლავ ვავრინკას შემდეგ ტურნირს გრიგორ დიმიტროვი და ნა ლი გამოეთიშნენ.

ივო კარლოვიჩთან შეხვედრაში დიმიტროვმა ხორვატს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და სამ სეტში 4:6, 5:7, 6:7 დამარცხდა.

შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა. ივო კარლოვიჩმა პირველი და მეორე სეტი თითო ბრეიკის მეშვეობით მოიგო და სეტებში 2:0 დაწინაურდა.

გადამწყვეტ მესამე სეტში შეხვედრა თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და მატჩის ბედი ტაიბრეიკში გადაწყდა, სადაც უფრო იღბლიანი კარლოვიჩი აღმოჩნდა. საერთო ჯამში ხორვატმა 22 ეისი მოაწოდა, ხოლო დიმიტროვმა - 11.

აღსანიშნავია, რომ ბულგარელი მსოფლიო რეიტინგში 12-ე ადგილზეა, ხოლო კარლოვიჩი 37-ზე. ხორვატმა ჩოგბურთელმა ურთიერთშეხვედრებში ანგარიში 2:1 გახადა. ორი კვირის წინ აღნიშნული მეტოქეები ერთმანეთს რომის მასტერსზეც შეხვდნენ, სადაც დიმიტროვმა მეორე რაუნდში მეტოქე 7:6, 6:4 დაამარცხა.

"როლან გაროსის" შემდეგ ეტაპზე კარლოვიჩის მეტოქე ჰაიდერ-მაუერსა და ბრანდსის შორის გამარჯვებული იქნება.

სენსაციური მარცხი განიცადა ქალთა შორის მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნა ლიმ. ჩინელმა ჩოგბურთელმა 103-ე ადგილზე მყოფ ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთან მატჩი სამ სეტში 5:7, 6:3, 1:6 დათმო.

21 წლის ფრანგი ჩოგბურთელის შემდგომი მეტოქე ამერიკელი ალისონ რისკე იქნება, რომელსაც ქალთა საჩოგბურთო კლასიფიკაციაში 45-ე ადგილი უკავია.

 

გიორგი ბალახაძე


0.121291