წარსულში ცნობილი კამერუნელი თავდამსხმელი როჟე მილა აფრიკული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული ფეხბურთელი აღარაა. მისი რეკორდი მავრიკელმა კერსლი აპუმ გააუმჯობესა.
მსოფლიოს 1994 წლის ჩემპინატზე, რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართული მატჩის დროს, მილა 42 წლისა და 39 დღის იყო. ეს მაჩვენებელი აფრიკული ნაკრებების რეკორდი 20 წლის განმავლობაში, 2014 წლის 13 აპრილამდე იყო.
მავრიტანიასა და მავრიკს შორის აფრიკის თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩის 84-ე წუთზე, სტუმართა მხრიდან მოედანზე 43 წლისა და 354 დღის კერსლი აპუ შევიდა, რომელმაც როჟე მილას აფრიკული რეკორდი მოხსნა.
მსოფლიო რეკორდამდე აპუს კიდევ ბევრი უკლია. 2004 წელს, ვირჯინიის კუნძულების ნაკრების ფეხბურთელმა, მაკდონალდ ტეილორ უფროსმა, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, სენტ-კიტსი და ნევისის წინააღმდეგ 46 წლისა და 217 დღისამ ითამაშა.