წუხელ ლონდონში, ინგლისის თასის მერვედფინალში, “არსენალმა” 2:1 მოუგო “ლივერპულს” და ტურნირიდან გამოთიშა. მატჩის შემდეგ მერსისაიდელთა დამრიგებელი ბრენდან როჯერსი ძალიან გაბრაზდა და ლამის დასაკავებელი გახდა. საქმე, მისი აზრით, ნაღდ არდანიშნულ პენალტს ეხებოდა, როცა მასპინძელმა ოქსლეიდ-ჩემბერლენმა ლუის სუარესი წააქცია საჯარიმოში, მაგრამ არბიტრმა ჰოვარდ უებმა თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. “ჩვენ უკეთესად ვითამაშეთ, მაგრამ მსაჯის შეცდომის გამო წავაგეთ, - თქვა შემდეგ როჯერსმა, - ვერ ვხვდები რატომ არ დანიშნა უებმა აშკარა პენალტი. შემდეგ ეტაპზე გასვლას თუ არა, გადათამაშებას მაინც ვიმსახურებდით.” მისმა ოპონენტმა არსენ ვენგერმა კი დასძინა: სუარესი საჯარიმოში ყოველთვის ძალიან სახიფათოა. ამ შემთხვევაში კი ძნელი სათქმელია, იყო თუ არა კონტაქტი მასსა ოქსლეიდ-ჩემბერლენს შორისო.
ყოფილმა ლივერპულელმა რობი ფაულერმა თავის ტვიტერში უების მსაჯობას “საშინელი” უწოდა. გრემ პოლმა კი, კაცმა, რომელიც ბრიტანეთში ბოლო 25 წლის საუკეთესო არბიტრად აღიარეს, თქვა: უების გამოვლენილმა სისუსტემ “ლივერპული” თასის გათამაშებას გამოთიშაო.