ჩოგბურთი

14:13 | 24.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერის კიდევ ერთი ჯილდო

 როჯერ ფედერერს ATP TOUR-ში დებიუტი 1998 წელს ჰქონდა, როდესაც გშტაადის ტურნირში მიიღო მონაწილეობა. სადიდსლემო შეჯიბრებების 17-გზის ტრიუმფატორმა შვეიცარიელმა ამ ტურნირზე ასპარეზობის სურვილი 2004 წლიდან მოყოლებული წლეულს პირველად დაადასტურა, გუშინ კი 31 წლის როჯერის ოფიციალური წარდგენის საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა.

როი ემერსონის სახელობის კორტზე ფედერერს ძროხა, სახელად დეზირე აჩუქეს. შეგახსენებთ, 10 წლის წინათ უიმბლდონზე პირველად მოპოვებული საჩემპიონო წოდების შემდეგ როჯერს მეწველი ფური ჯულიეტი უფეშქაშეს. “დეზირე ჩემი ჯილდოების ოთახში ნამდვილად ვერ დაეტევა, ამიტომ მისთვის შესაფერისი საცხოვრებლის მოძიება მომიწევს”, - განაცხადა ფედერერმა “ცოცხალი ჯილდოს” მიღების შემდეგ, მოგვიანებით კი საჩოგბურთო თემებზეც ისაუბრა.

“ამჟამად ჩემი უპირველესი რეიტინგის შენარჩუნება, ამასთან ტურნირების მოგებაზეც უნდა ვიზრუნო. მეტად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის სათანადო ყურადღების მიქცევა. თუ ეს მოვახერხე და სწორი საწვრთნელი პროცესი გავიარე, კორტზე კვლავ მოვახერხებ მოწინააღმდეგეებისთვის საკუთარი პირობების კარნახს”, - ასეთია როჯერ ფედერერის სამოქმედო გეგმა.

ამასობაში შვეიცარიელმა დაადასტურა, რომ 2014 წელს ბრისბენის ტურნირზე გამოსვლით დაიწყებს. “ავსტრალიაში არა მერტო ამ ქვეყნის ღია ჩემპიონატის მოსაგებად გავემგზავრები, ბრისბენში გამარჯვებაც მწადია”, - დასძინა ფედერერმა.

შეგახსენებთ, ბოლო 2 წელიწადია ბრისბენის შეჯიბრებას უიმბლდონის მოქმედი ჩემპიონი ენდი მარეი იგებს.

0.119664