სადიდსლემო ტურნირების სარეკორდოდ, 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი უიმბლდონის მორიგ გათამაშებაში ჩაებმება. მეოთხე ნომრად განთესილი 32 წლის შვეიცარიელი სასტარტო მატჩში კენჭისყრამ თანატოლ იტალიელთან პაოლო ლორენცისთან შეახვედრა. გამოცდილი აპენინელი უიმბლდონზე კარგი გამოსვლით ვერ დაიკვეხნის - ლორენცის საწყისი ეტაპის ბარიერი არასდროს გადაულახავს. წინასატურნიროდ ფედერერი ოპტიმისტურადაა განწყობილი და აცხადებს, ჩემპიონობის მოპოვების შანსი მაქვსო.
- რა პერსპექტივა გესახებათ უიმბლდონის წლევანდელ ტურნირზე?
- თავს ტიტულის მოპოვების რეალურ პრეტენდენტად ვთვლი. თუკი ყველაფერი სასიკეთოდ აეწყო, ფინალში გასვლა და მოგებაც სავსებით შესაძლებელია. საფრანგეთის ღია პირველობისგან განსხვავებით, უიმბლდონზე განსხვავებული სიტუაციაა. “როლან გაროსზე” ბევრი რამ რაფა ნადალზეა დამოკიდებული, აქ კი ყველაფერი ჩემ ხელთაა და ამგვარ სიტუაციაში დამაჯერებლობა მემატება. თავს ჯანმრთელად ვგრძნობ და შანსის გამოყენებას ყოველმხრივ შევეცდები. ამასთან, ჰალეში გამოსვლისას ვიგრძენი, რომ ბალახის კორტზე ყველაფერი წესრიგში მაქვს. გერმანიაში წარუმატებლად გამოსვლის შემთხვევაში სხვაგვარ განწყობაზე ვიქნებოდი. შარშან უიმბლდონის სტარტის წინ ცუდი შედეგები მქონდა, წლეულს სხვაგვარი სიტუაციაა.
- რაფა ნადალმა ბოლო 2 უიმბლდონზე ერთადერთი მატჩი მოიგო. ამჯერად როგორ შეაფასებთ მალიორკელის შანსს?
- ჩემი აზრით, რაფას საწყის მატჩებში უფრო გაუჭირდება. შემდეგ თანდათან ნადალი საასპარეზო პირობებს გაუშინაურდება და უკეთესი თამაშის ჩვენების შესაძლებლობაც მიეცემა. ჯერჯერობით, ნადალის სათამაშო ბადე არ მინახავს, მაგრამ თუკი სასტარტო ეტაპის მატჩებში იმარჯვა, საბოლოო წარმატების მიღწევის შანსიც გაუჩნდება.
- გასულ პარასკევს АТР-ის მოთამაშეთა საბჭოს თავმჯდომარეობიდან გადადექით. ამ პოსტზე მუშაობისას საკუთარი მისის უკვე შესრულებულად და ამოწურულად ჩათვალეთ?
- 6 წელი ვხელმძღვანელობდი საბჭოს. ვამაყობ, ბევრი რამის გაკეთება რომ შევძელით. მაგალითად, საპრიზო თანხის გაზრდა მოვახერხეთ. ამჟამად ჩოგბურთს კარგი დროება უდგას. ტურნირებზე მაყურებლის ანშლაგია. მოთამაშეებმა გაერთიანება მოვახერხეთ და ერთიანი ძალისხმევით მივიწევთ წინ. ჩოგბურთელები ერთმანეთის აზრს ვიზიარებთ, ნდობამაც მოიმატა.
წლეულს, ტყუპების შეძენის შემდეგ საოჯახო საქმეები მომემატა და ეს ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი გახდა ჩემი პოსტიდან გადადგომის დაჩქარებაში.ოჯახი და ჩოგბურთი სულ უფრო და უფრო მეტ დროსა და ენერგიას მოითხოვს, ამიტომაც წასვლა ვამჯობინე.
- საპრეზიდენტო არჩევნები როდის ჩატარდება?
- საბჭოს ახალ ხელმძღვანელობას აგვისტოს მიწურულს ნიუ იორკში ავირჩევთ.