ჩოგბურთი

12:34 | 14.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი: “შეხვედრის დროს მწვრთნელს არასდროს ვუცქერ”

ავსტრალიის ღია პირველობის ოთხგზის ტრიუმფატორმა როჯერ ფედერერმა წლევანდელი გათამაშების სასტარტო მატჩში კორტის მასპინძელ ჯეიმს დაკვორტს 6:4, 6:4, 6:2 მოუგო და მომდევნო ეტაპზე გავიდა. სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონის მომდევნო მოწინააღმდეგე სლოვენიელი ბლაჟ კავჩიჩი იქნება. ეს უკანასკნელი პირველ წრეში რადეკ შტეპანეკს ხვდებოდა და ჩეხმა მატჩის დასრულება ვერ მოახერხა.

ფედერერისა და დაკვორტის შეხვედრას რაც შეეხება, როჯერს ავსტრალიელის დასამარცხებლად საათი და 46 წუთი დასჭირდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში შვეიცარიელმა 4 ბრეიკი და 11 ეისი შეასრულა.

32 წლის ფედერერი კიდევ ერთი რეკორდის ავტორი შეიქნა. როჯერი ზედიზედ 57-ედ ჩაება სადიდსლემო ტურნირში. ამ მიღწევით სხვა ვერცერთი ჩოგბურთელი ვერ დაიკვეხნის. დაკვორტთან მატჩის შემდეგ ფედერერი ჟურნალისტებს გაესაუბრა და მასმედიელებმა როჯერს პირველი კითხვა ახალ რეკორდთან დაკავშირებით დაუსვეს.

- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ეს მორიგი მიღწევა?

- ადრეც მითქვამს, რომ ამ რეკორდს მხოლოდ ბოლო ოცწლეულის კონტექსტში თუ განვიხილავთ. უწინ მოწინავე ჩოგბურთელების ნაწილი დიდი სლემის ტურნირებზე რეგულარულად არ თამაშობდა. ბიორნ ბორგმა ავსტრალიის ღია პირველობაზე მხოლოდ ორჯერ იასპარეზა, ანდრე აგასის 10-ჯერ მაინც ექნება გამოტოვებული წლის პირველი სადიდსლემო შეჯიბრება. მხოლოდ ბოლო 2 ათეული წელიწადია, რაც ჩოგბურთელებმა პერმანენტულად დაიწყეს დიდი სლემის ყველა ტურნირზე ასპარეზობა.

- დიდი სლემის შეჯიბრებები თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია?

- ყველა ტურნირი მიყვარს და კორტზე მხოლოდ მოსაგებად გავდივარ. ცხადია, დიდი სლემის გათამაშებებს სხვა, განსაკუთრებული ხიბლი ახლავს. აგერ უკვე 14 წელიწადია სეზონის განმავლობაში ამ შეჯიბრებებზე გამოვდივარ და მიუხედავად იმისა, რომ 2 კვირის განმავლობაში სამსეტიანი მატჩების ჩატარება მიწევს, ყოველთვის ენთუზიაზმით და სიხარულით ვებმები სადიდსლემო პაექრობებში.

- შტეფან ედბერგთან თანამშრომლობის დაწყების შემდეგ შეხვედრის მსვლელობისას შვედის მისამართით ხშირად აპარებთ მზერას?

- დაკვორტთან მატჩის პირველი სეტის განმავლობაში ტრიბუნაზე ედბერგის ძებნა არ დამიწყია. მხოლოდ მეორე პარტიის მსვლელობისას “მოვიკითხე” დამრიგებელი – შტეფანი მზის სათვალეებით აკვირდებოდა ჩემ გამოსვლას. შეხვედრის დროს მწვრთნელს არასდროს ვუცქერ. კარიერის დაწყების დღიდან კორტზე გასვლის შემდეგ დამრიგებელი მითითებას არასდროს მაძლევდა.

- მომავალ მატჩზე რას გვეტყვით?

- ედბერგთან ერთად რამდენიმე შეხვედრას დავესწრები, შემდეგ სევერინ ლიუტიც შემოგვიერთდება და მომდევნო მოწინააღმდეგესთან თამაშის სტრატეგიას დავსახავთ.

0.117754