ჩოგბურთი

10:03 | 26.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

როჯერ ფედერერი: “ნიუ იორკში მხოლოდ ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებ”

 პლანეტის ყველაზე ტიტულოვანი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი აშშ-ის ღია პირველობაზე გამოსვლას სლოვენიელი გრეგა ჟემლიას წინააღმდეგ ჩასატარებელი მატჩით დაიწყებს. შარშანდელი ტურნირის მეოთხედფინალისტი შვეიცარიელი სავარაუდოდ წლეულს ამ ეტაპზე რაფა ნადალს შეხდება და როგორც თავად აცხადებს, ამ პაექრობისთვის სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. 

- რა მიზანს ისახავთ აშშ-ის ღია პირველობის წლევანდელ გათამაშებაში?

- ერთადერთი ამოცანა მაქვს – ტურნირი უნდა მოვიგო. სხვა ამოცანა საკუთარი თავისთვის არასდროს დამისახავს და კარიერის დასრულებამდე ასეც იქნება. ცხადია, ისისც კარგად მესმის, რომ ურთულესი და გრძელი სატურნირო გზა უნდა გავიარო, მაგრამ წინასაშეჯიბროდ კარგად მოვემზადე, რაც ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს. შარშან ნიუ იორკში მეოთხედფინალში გავედი. წლეულს ამ ეტაპამდე აუცილებლად უნდა გავიდე, მეოთხედფინალში გაღწევის შემდეგ კი მხოლოდ პირველობაზე ვიფიქრებ.

- მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში რაფა ნადალთან მოგიწევთ დაპირისპირება. მზად ხართ მალიორკელთან საპაექროდ?

- წლევანდელი ტურნირის ბადე მეტად საინტერესოა. მე და რაფა ერთ მეოთხედში მოვხვდით. ნადალთან აშშ-ის ღია ჩემპიონატში არასდროს მითამაშია, რაც ჩვენ შესაძლო მატჩს მეტ ინტრიგას მატებს. რაფას ბოლოდროინდელი გამოსვლა მოწმობს, რომ იგი შესანიშნავ ფორმაშია. თუკი ორივენი მეოთხედფინალში გავედით, მაყურებელს ძალიან საინტერესო მატჩი ელის.

- ზურგის ტრავმა საბოლოოდ მოირჩინეთ?

- ზურგის პრობლემა არცთუ საშიშია. უბრალოდ მეტი სიფრთხილე მმართებს, რათა ამ დაზიანებამ თავი სამომავლოდ არ შემახსენოს.

- მაყურებელი ნიუ იორკში თქვენგან რაიმე ტაქტიკურ სიახლეს ხომ არ უნდა ელოდეს?

- არა, მხოლოდ კონკრეტულ გათამაშებულ ბურთზე ვიქნები ბოლომდე კონცენტრირებული და მოვლენათა შემდგომ განვითარებაზე ნაკლებად ვიფიქრებ.

- ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რეიტინგში მესამე პოზიციიდან მეშვიდემდე დაქვეითდით...

- როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ყოველი ახალი კლასიფიკაციის გამოქვეყნებას მოუთმენლად ველოდი, წინასწარ ვითვლიდი ქულებს და ძალიან მახარებდა წინსვლა. ასაკის მომატებასთან ერთად, ამას შედარებით ნაკლებ ყურადღებას ვანიჭებ. თუმცა, იმასაც გულახდილად მოგახსენებთ, რომ რეიტინგში ჩვეულ პოზიციაზე დაბრუნება ნამდვილად მსურს. 

0.12106