მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერმა, ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა კალიფორნიულ ინდიან უელსში მიმდინარე მასტერსზე მესამე რაუნდის მატჩში ძალზე იოლად მოახერხა ხორვატი ივან დოდიგის დამარცხება - 6:3, 6:1 - და შემდეგ ეტაპზე გავიდა.
შეხვედრა სულა რაღაც 61 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში როჯერმა მეტოქის მოწოდებაზე 4 ბრეიკპოინტი მიიღო და ყველა მოგებულ გეიმად გარდასახა. ფედერერის ანგარიშზე ასევე 5 ეისი და 3 ორმაგი შეცდომაც იყო, დოდიგმა კი 1 ეისის წილ, ერთბაშად 6 ორმაგი დაუშვა.
ტურნირის მეოთხე რაუნდში "მხიარული როჯერი" თანამემამულე სტანისლას ვავრინკას დაუპირისპირდება, რომელმაც, თავის მხრივ, ავსტრალიელი ლეიტონ ჰიუიტი გამოთიშა ასპარეზობას - 6:4, 7:5.
მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე როჯერმა განვლილ შეხვედრაზე ისაუბრა: "დღევანდელი წარმატება ჩემთვის ადვილი ნამდვილად არ გახლდათ, რადგან პირველი სეტის საწყის გეიმებში საკმაოდ ინერტულად ვირჯებოდი, თუმცა მოგვიანებით მაინც მოვახერხე ერთი ბრეიკის შესრულება და სეტის მოგება. მეორე პარტიაში დოდიგმა შეცდომებს უმატა, რაც კარგად გამოვიყენე. ნაჩვენები შედეგით, რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია