სადიდსლემო ტურნირების 17-გზის ჩემპიონი როჯერ ფედერერი ამჟამად ჩრდილოგერმანულ ჰამბურგში იმყოფება, სადაც bet-at-home Open-ის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას. მსოფლიო რეიტინგსიაში სადღეისოდ მეხუთე ადგილზე მყოფი შვეიცარიელი ჰამბურგის შეჯიბრებაზე პირველ ნომრადაა განთესილი. “მხიარულმა როჯერმა” წინასატურნიროდ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. აქვე მოგახსენებთ, რომ ფედერერი ჰამბურგის ტურნირზე თავის პირველ შეხვედრაში დანიელ ბრანდსს შეხვდება.
- ბოლო დროს გავრცელდა ხმა, თითქოს უიმბლდონის შემდეგ ჩოგანი შეიცვალეთ. ადასტურებთ ამ ცნობას?
- დიახ, ასეა. ამჯერად ოდნავ განსხვავებული ჩოგნით ვიასპარეზებ, ვიდრე უწინ. ჩემი ამჟამინდელი საასპარეზო ეკიპირების თავის ფართი 98 კვადრატული დუიმია, რაც წინა ჩოგნისაზე რვით მეტია.
- ჰამბურგის ტურნირის ორგანიზატირების წინადადებას მალე დათანხმდით?
- შემოთავაზება უიმბლდონის სტარტამდე მქონდა და მისი დასრულებისთანავე ვამცნე ორგანიზატორებს, რომ ჰამბურგში ჩავიდოდი. უიმბლდონზე წაგების შემდეგ საკუთარ თავს კითხვა დავუსვი – უმჯობესია ბევრი ვივარჯიშო თუ მატჩები ვითამაშო. არჩევანი უკანასკნელზე გავაკეთე.
- რა მიზანი გაქვთ ჰამბურგში?
- აქ თამაში და გამარჯვება ყოველთვის მომწონდა. 2002 წელს სწორედ ჰამბურგში შევედი ჩოგბურთელთა რეიტინგის პირველ ათეულში. ამგვარი რამის დავიწყება შეუძლებელია. აქ ბევრი საამოდ გასახსენებელი მატჩი მოვიგე. მთლიანობაში, ჰამბურგის ტურნირი ოთხჯერ მაქვს მოგებული. ახლა შეძლებისდაგვარად ბევრი გამარჯვების მიღწევა მსურს და ვიმედოვნებ, “ჰარდის სეზონს” მზადყოფნაში შევხვდები.
- უიმბლდონის ფინალურ მატჩზე რას გვეტყვით?
- ენდი მარეისა და ნოვაკ ჯოკოვიჩის შეხვედრა არ მინახავს, ფინალის დასრულების შემდეგ კი ენდის მისალოცი მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნე. მარეი კარგა ხანია სტაბილურად გამოდის, შარშან მან ოლიმპიადა და აშშ-ის ღია პირველობა მოიგო, წლეულს კი “როლან გაროსზე” წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ბრიტანელები საუიმბლდონო ტრიუმფით გაახარა.